06/04/2023
09:09
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო საქართველოში დამატებით განმარტებებს აკეთებს ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
საელჩოს თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის მიმართ აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს.
აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას, იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში.
რაც შეეხება იმას, უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს.
ამასთან, ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სანქციები არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით. 7031(c)-ე თავი შეიცავს წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა მისცეს პირს უფლება გაემგზავროს ამერიკაში, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.
„სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.
ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დავუშვათ აღნიშნული პირების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
0
0