
მიუნხენში ფესტივალი „ოქტობერფესტი“ უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეაჩერეს.
როგორც გერმანული მედია წერს, მიუნხენში დილით დაწყებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია გრძელდება.
ცნობისთვის, დილით მიუნხენში ერთ-ერთ სახლში, სადაც ხანძარი იყო, სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. მისი გაუვნებლობის მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანაყოფები. ასევე, ვრცელდება ცნობები ერთი დაღუპულისა და სროლის შესახებ.
პოლიცია ამოწმებს, არის თუ არა ეს მოვლენები დაკავშირებული მიუნხენში მიმდინარე ფესტივალ „ოქტობერფესტთან“, რის გამოც ცნობილი ლუდის ფესტივალის მოედნის გახსნა იგვიანებს.
მიუნხენის მერიაში აცხადებენ, რომ აფეთქების საფრთხის გამო „ოქტობერფესტი“, სულ მცირე, ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე შეჩერდება.
გერმანული მედიის ცნობით, დღეს დილით მიუნხენში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ადგილზე მისულმა მაშველებმა აღმოაჩინეს დაჭრილი მამაკაცი და დამწვარი ავტომობილი.
ამის შემდეგ საგანგებო სამსახურებში შევიდა შეტყობინება მიუნხენის ჩრდილოეთ ნაწილიდან, იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა აფეთქებისა და სროლის ხმა გაიგეს, ასევე დაინახეს ცეცხლის ალი.
პოლიციის ცნობით, დაშავებული მამაკაცი მოგვიანებით გარდაიცვალა. სამართალდამცავები იუწყებიან, რომ ეს ადამიანი შეიძლება, იყოს დაკავშირებული საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძართან. წინასწარი ცნობით, ცეცხლი განზრახ გააჩინეს.
პოლიციამ გადაკეტა მიუნხენის ის რაიონი, სადაც ინციდენტი მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, გამოცხადდა ევაკუაცია, დაკეტეს საჯარო სკოლაც.
გერმანული მედიის ცნობით, მამაკაცმა ასაფეთქებელი ნივთიერება მშობლების სახლში მიიტანა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
0
0