07/08/2023
16:08
პოლიტიკა
გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, მოკლე დროში შეძლეს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პირველადი შეფასების გაკეთება.
შამუგიას თქმით, ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს აღნიშნულმა სპეციალისტებმა დავალებები შეასრულეს.
„დღეს გლოვის დღეა საქართველოში და კიდევ ერეთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და მთელ ქვეყანას. სამწუხაროდ, თავს დაგვატყდა ძალიან მძიმე ტრაგედია, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებდით. ამაზე ჩვენ გუშინ გვქონდა ბრიფინგი და საზოგადოებას მივაწოდეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასება. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო 24-საათიანი მუშაობისთვის, რომელიც მათ გაწიეს და საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს პირველადი შეფასების გაკეთება სხვადასხვა ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, ადგილზე დათვალიერების საფუძველზე. სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსისგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებმა დავალებები შეასრულეს, რაც ყოვლად მიუღებელია. ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა და ყველას მოვუწოდებ, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, ასრულებენ თავიანთ საქმეს და მათ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში შეძლეს პირველადი შეფასების გაკეთება იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც მათ ჰქონდათ ამ დროისთვის. ეს სპეციალისტები, სააგენტო გააგრძელებს მუშაობას და ხეობის კვლევას. სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისაუბროთ შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. უნდა მომზადდეს შესაბამისი რეკომედაციები, რა უნდა განხორციელდეს მომავალში ამ ხეობაში.
ვფიქრობ, პირველ რიგში, სპეციალისტმა უნდა შეაფასოს ეს დასკვნა. პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ პოლიტიკური განცხადებებით, რომლებსაც ისინი აკეთებენ, არ მიაყენონ შეურაცხყოფა ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ, მუშაობენ დღესაც და ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ ჩვენი ქვეყნისთვის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება გუშინ გამოქვეყნდა.
0
0