12/12/2022
18:32
პოლიტიკა
კონსორციუმის მიზანი იყო და რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და ეს აუცილებლად მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წასვლის შემდგომ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ამ პროექტის განხორციელებას არც არასდროს აპირებდა, - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ანაკლიის პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ბადრი ჯაფარიძემ ღარიბაშვილის განცხადებას, სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“.
„ის, რომ დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო და მისი ალბათ, შეშურდებოდა ქართული ზღაპრების გმირ, ქოსატყუილასაც კი, ტყუილის მასშტაბიდან გამომდინარე.
სინამდვილეში, ანაკლიაში ინვესტირებულ იქნა 75 მლნ დოლარი, რაც დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორის მიერ, ციფრი და დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროშია. პრემიერ-მინისტრს თავი უნდა შეეწუხებინა და მოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობა, რომელიც დადასტურებული აქვს მაღალი რეპუტაციის აუდიტორულ კომპანიას - ეს არის ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მლნ და არა 75 მილიონი.
მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, თითქოს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 3 მილიონის ინვესტირება განახორციელეს, სინამდვილეში ეს 40 მლნ დოლარის ინვესტირებაა, რომელიც ასევე დადასტურებულია იმ დოკუმენტაციით,რომელიც უკვე რამდენიმე წელია ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილია და იქ დევს“,- აცხადებს ბადრიო ჯაფარიძე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება - 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება.
0
0