22/11/2022
13:03
პოლიტიკა
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას შეფასებით, სააკაშვილის მხარდამჭერებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თემა „სანახაობად აქციეს“.
ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
„მიშას თემა „კლოუნადა“ იყო თავიდანვე. „კლოუნადად“ ეს თემა გახადეს მიშას მომხრეებმა. განსაკუთრებით იმით, რომ „ერთ კვირაში მოკვდება“, „ორ კვირაში მოკვდება“, „ეს დაემართება, ის დაემართა“, „ტყვიით არის მოწამლული“ და ა.შ. მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა აქციეს „კლოუნადად“. ხალხი ამ ადამიანზე ყოველ კვირა ამბობს, რომ ის კვდება. ამაზე კამპანიები იყო ჩართული - თუ როგორ კვდება მიშა. ასევე იყო შიმშილობა, რომ მიშა არ მოკვდეს და უცებ, გუშინ გამოვიდა მიშა და თქვა - დაანებეთ თავი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებასო. ეს არ არის „კლოუნადა“? მისმა მომხრეებმა და ტელევიზიამ ეს აქციეს იმდენად სამარცხვინო ამბად და „კლოუნადად“, რომ კაცი არ დადის, ვისაც ოდნავ კრიტიკული აზროვნება აქვს, ვინც ვერ მიხვდება იმას, რომ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სულ იტყუებოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა მართლა ცუდად არის, მაგრამ იმ „კლოუნადამ“, რომელიც მოაწყვეს, ხომ გამოიწვია იმედგაცრუება მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებშიც, რადგან შენ რომ გულშემატკივარი ხარ, ბოლოს „გიტყდება“ და უბანში დაგცინიან, რომ ამბობდი „მიშა მოკვდებაო“. მე ვიცი, რომ მიშა მართლა ავად არის, ის ვნახე და მართლა ვნერვიულობ. მართლა ვიცი, რომ შეიძლება გამოუსწორებელ სიტუაციამდე მივიდეთ, მაგრამ იმ „კლოუნადით“, რომელსაც მისი მხარდამჭერები აწყობენ, ეს თემა აქციეს სანახაობად. ამ თემამ სრულად დაკარგა სერიოზულობა. ეს მიშას მედიამ ქნა და ამაზე დიდი ბოროტება რა უნდა გაგიკეთონ?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0