
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინის დეპუტატს ლიზა იასკოს შვილი მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა. ამის შესახებ ისაკომ თავად დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ საერთო შვილს ჟასმინი ჰქვია და უკვე ერთი წლისაა.
დავით ზურაბიშვილი კი წერს:
„მიშას და ლიზა იასკოს ბავშვზე რომ ატყდა ხმაური, ამაზე ერთი ძველი ამბავი გამახსენდა, ცხონებული მამაჩემის მონაყოლი.
1917 წელს, როდესაც რუსეთში მონარქია დაემხო, გურიაში ადგილობრივმა რევოლუციონერებმა გადაწყვიტეს ხალხისთვის აეხსნათ თუ რატომ გახდა საჭირო მეფის ჩამოგდება. ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში ეს საქმე დაავალეს ერთ ადგილობრივ პროლეტარს, მთელი დღე სოფლის ბირჟაზე რომ იდგა, პოლიტიკისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ შესაფერისი სოციალური წარმომავლობის პერსონა სხვა ვერ ნახეს. ის კი უარობდა, რა ვილაპარაკო, აზრზე არა ვარო, მაგრამ ამაოდ, უნდა გამოხვიდე მიტინგზე და აუხსნა ხალხსო.
მართლაც, შეიკრიბა სოფლის ცენტრში ხალხი, გამოდის ეს ტიპი და ამბობს: აი, ჩვენ რომ მჭადი და ყველით ძლივს გაგვქონდა თავი, მაშინ მეფე და მისი ოჯახი სულ კატლეტებს მიირთმევდაო; მერე მიკიბა, მოკიბა და ისევ, აი, ჩვენ რომ გვშიოდა, მაგენი სულ კატლეტებს ჭამდნენო და მოკლედ, ლაპარაკობს, ლაპარაკობს და კატლეტებს იქით ვერ მიდის.
უსმენს ხალხი უსმენს და როცა ორატორი კვლავ მიადგა კატლეტებს, უცებ ერთი იძახის:
– მეტი თუ არაფერი დუუშავებია, მაი ქე ვაპატიოთ, კაცო!
ჰოდა, ესაა ჩემი კომენტარიც.“ - წერს ზურაბიშვილი.
0
0