
ნინო ჟვანია: „მე ვფიქრობ, ზურა მოკლულია“ - ამ სათაურით “კვირის პალიტრა” აქვეყნებს ინტერვიუს ნინო ჟვანიასთან.
წაიკითხეთ ამონარიდი ინტერვიუდან, სადაც ზურაბ ჟვანიას მეუღლე სკანდალურ განცხადებებს აკეთებს:
"სააკაშვილი ზურაში დამოუკიდებელ კანდიდატსა და კონკურენტს ხედავდა?
- რა თქმა უნდა. მაშინ ზურა ძალიან დაუახლოვდა ბადრი პატარკაციშვილს და აშკარად ემზადებოდა ოპოზიციაში გადასასვლელად. ეს ცხადი იყო. ზურას მზარდი ავტორიტეტი ჰქონდა, იმ კრიზისულ სიტუაციაშიც კი, საგარეო სარბიელზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.
- როგორც ვიცი, თქვენ არ ეთანხმებით უბედური შემთხვევის ვერსიას...
- მე ვფიქრობ, ზურა მოკლულია. ხელს ვერავის დავადებ იმის ზუსტი ცოდნის გარეშე, რომ ეს ნამდვილად მისი გაკეთებულია. უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი.
- თუ ამბობთ, რომ მოკლულია, რა ვერსია გაქვთ - აირი სპეციალურად გაუშვეს თუ უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს ბინაში?
- მაშინვე გამოჩნდა, რომ გაზით კი არ იყვნენ მოწამლული, არამედ რაღაც ინიექცია ჰქონდათ შეყვანილი, რაც სისხლში იმავე ცვლილებებს იწვევს. არსებობს ასეთი პრეპარატი, რომელიც რუსეთის "კა-გე-ბეს" შეიარაღებაშია.
- მინდა გკითხოთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც...
- მგონი, მან საკმარისი დააშავა. ის, რაც დამტკიცებული აქვს, იმისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს. ვთვლი, რომ ციხეში უნდა იჯდეს. ცხადია, როგორც იქცევა, ბევრი რამ მისი პათოლოგიური ფსიქიკიდან მომდინარეობს. სურს მუდმივი ინტრიგა შექმნას თავის გარშემო. მგონი, თამაშობს, მაგრამ არ გასდის.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ პოლიტიკურ ვითარებაზეც, ზურას ცნობილი სიტყვები და მისი დასავლური მისწრაფებები ყველასთვის ცნობილია. თქვენი აზრით, ხომ არ ავცდით ამ კურსს?
- ოფიციალურად თითქოს ვაღიარებთ, რომ ჩვენი კურსი ევროპაა, სინამდვილეში ბევრ რამეს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ მართლა ევროპის ნაწილი გავხდეთ. თუმცა, რა ვიცი, მე ისიც მესმის, რომ ხელისუფლება შეიძლება რაღაცებს ვერ აკეთებდეს. ძნელი სათქმელია... ისიც არ მომწონს, რა თქმა უნდა, რომ ის ხალხი, ვინც პროგრესულად აზროვნებს, ჩამოაშორეს მმართველობის სადავეებს. რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი არაერთმნიშვნელოვანი სიტუაციაა მთელ მსოფლიოში, შეიძლება ჩვენი ხელისუფლების სიფრთხილე გონივრულიც არის. ალბათ, ყველა მოქალაქე ასე ფიქრობს, ხედავს, რომ დიდი საშიშროება არსებობს, რომ ბეწვის ხიდზე გავდივართ.
- რას იტყოდა ზურა არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე?
- ზურა ევროპის მოთხოვნებიდან გამოდიოდა. სულ ამბობდა, როცა ველაპარაკები, ვეუბნები, ესეც მოგვთხოვეთ, ესეცო... იმიტომ, რომ ამას იყენებდა, როგორც მექანიზმს, რათა აქ ყველაფერი დაელაგებინა, რეფორმები გაეტარებინა. ამდენწლიანი ურთიერთობა გვაქვს დასავლეთთან, ამერიკასთან... როცა ეს ქვეყანა დაქცეული და შიმშილის ზღვარზე იყო, მაშინ გვეხმარებოდა დასავლეთი. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობაც და პარტნიორობაც. ვფიქრობ, ზურა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს უკვე სხვაგან ვიქნებოდით. ის ძალიან კონკრეტულად და გარკვეულად მიჰყვებოდა დასავლური განვითარების გზას. ეს გულისხმობდა არა მარტო საგარეო პოლიტიკას, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ქვეყანაში ინსტიტუციები."
ინტერვიუს “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.
0
0