09/05/2024
20:05
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი ოტო ლუხტერჰანდი ყოფილ სტუდენტს მიმართავს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი „გამოიჩენს სიბრძნესა და ძალას, რათა „უცხოეთის აგენტების კანონი“ დღის წესრიგიდან მოხსნას და მას აღარასოდეს დაუბრუნდეს“. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა წერილი, რომელიც ქართველი კოლეგების მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 1 მაისს, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს გაუგზავნა ოტო ლუხტერჰანდმა, ჰამბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსმა პროფესორმა.
სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა რატი ბრეგაძემ სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ჰამბურგის უნივერსიტეტში.
„ახლა სხვა რამის გამო გწერთ, რაც ძალიან მაწუხებს“, - ასე იწყებს ლუხტერჰანდი წერილს და „აგენტების კანონზე“ საუბრით განაგრძობს.
პირველი მაისით დათარიღებულ წერილში, რომელიც ოტო ლუხტერჰანდმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო ელექტრონულ ფოსტაზე მისწერა, გერმანელი პროფესორი „იურიდიული და, მით უფრო, პოლიტიკური თვალსაზრისით გაუგებარს“ უწოდებს რეალობას, რომელშიც, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობას ესწრაფვის, მეორე მხრივ კი, „უცხოეთის აგენტების კანონს“ იღებს.
გერმანელი პროფესორის შეფასებით, კანონპროექტის კრიტიკა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის სამართლებრივი პრინციპების გადმოსახედიდან „სრულიად გამართლებულია“. იგი ახსენებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODHIR) დასკვნასა და ევროკავშირის ორგანოების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებსაც.
0
0