
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ სააგენტოს უფროსის, აბელ აბესაძის ხელმძღვანელობით, გერმანიაში, ქ. კოტბუსში გამართულ საბადოების დახურვისა და გარემოსდაცვითი რეაბილიტაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებები გაიმართა სამთო-მოპოვებითი, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათაშორისი ფორუმის (IGF) და გერმანიის გეომეცნიერებებისა და ბუნებრივი რესურსების ფედერალური ინსტიტუტის (BGR) ერთობლივი თანამშრომლობით.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და გააზიარეს გამოცდილება საბადოების დახურვის, წიაღისეულის მოპოვებითი საქმიანობის შემდგომი პერიოდის მართვისა და ტერიტორიის აღდგენის მიმართულებით.
შეხვედრები მოიცავდა საველე ვიზიტებს, კერძოდ, აღმოსავლეთ გერმანიაში ბრანდერბურგის მხარეში მოპოვების შემდგომ ტერიტორიაზე ხელოვნურად მოწყობილი ტბების, ასევე, ურანის ყოფილ საბადოზე მოპოვების შემდგომი რეკულტივირებული ტერიტორიის და წყლის გამწმენდი ნაგებობის დათვალიერებას. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ გერმანიის გამოცდილებას საბადოების დახურვის მიმართულებით.
სააგენტოსთვის მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბადოების დახურვისა და გარემოსდაცვითი შემდგომი რეაბილიტაციის პროცესების ეფექტიანი მართვა წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის პასუხისმგებლიანი მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. მიღებული საერთაშორისო გამოცდილება ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე მიდგომების დანერგვას, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაძლიერებასა და წიაღის სექტორის განვითარებას.
0
0