26/03/2023
19:36
სპორტი
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.
ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო.
ზაალიშვილმა ამ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო.
"მინდოდა ისტორიაში შევსულიყავი, რადგან ზედიზედ სამჯერ არავის აქვს მოგებული თბილისის გრანდ სლემი. თბილისელი ვარ და მიხარია, როცა ჩემს კედლებში მიწევს გამოსვლა და მხარს მიჭერენ ჩემი ხალხი, ჩემი საქართველო, ჩემი ოჯახი, მწვრთნელები. ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და თან ისეთი გუნდი ვართ, ყველასგან ველოდებით ხოლმე ოქროს", განაცხადა ზაალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, 26 მარტს, ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა. ოთხიდან სამი ოქრო გელა ზაალიშვილის გარდა მოიპოვეს - ილია სულამანიძემ და ლაშა ბექაურმა. ქართულ ფინალში, ბექაურთან დამარცხდა კიდევ ერთი ქართველი ფალავანი, ლუკა მაისურაძე.
ცნობისთვის, 100კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია.
შეჯიბრებაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა და მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, დაძაბულ ბრძოლაში, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე, დღევანდელ ფინალამდე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ორი მედალი იყო. ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
0
0