
ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს. თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს - ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ოლივერ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების და, რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანას მინდა მადლობა ვუთხრა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. მადლობა. მინდა გულწრფელად ვუთხრა მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, - განაცხადა პრემიერმა.
განსაკუთრებული მადლობა ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს და საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს გადაუხადა.
„მე ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ჯეიკ სალივანს. ეს რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, მაშინ როცა უკვე რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მიერ, რომ ბატონი სალივანი იყო ჩვენი ქვეყნის წარმატების ევროპულ გზაზე ერთ-ერთი გამოკვეთილი მხარდამჭერი. მე მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა მასთან. ბევრი საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ ბევრი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობასა და ჩვენს მომავალ პარტნიორობას შეეხება.
რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და იყო ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი ამ წარმატების“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0