
მინდა, წარმატება ვუსურვო კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო თქვენ გვერდით დგას, თქვენ მაგალითს აძლევთ ახალგაზრდა თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა წარმატება, რომელსაც კალათბურთელებმა თავდადების, თავდაუზოგავი ვარჯიშის, ბრძოლის ჟინის კვალდაკვალ მიაღწიეს, გუნდური სულისკვეთებისა და ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარეობს.
„მინდა, გისურვოთ წარმატება ევროპის ჩემპიონატზე, ვიცი, ხვალიდან იწყება მომზადება. მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას. თქვენ მაგალითს აძლევთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მე ვიცი, თუ რამხელა შრომის ხარჯზე ხდება ამ შედეგების მიღწევა და როგორი განსაკუთრებულია ჩვენთვის, ამ პატარა ქვეყნისთვის სპორტული შედეგები და ეს აისახება ნებისმიერი სფეროს განწყობაზე. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ , რომ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიოთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრებს ქვეყნის ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისათვის გადაეცათ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
0
0