
დღეს მეც ოპოზიციონერი ვარ, მაგრამ დღეს არ არის დრო პოზიციისა და ოპოზიციის. მინდა მივმართო ხაზარაძესა და გახარიას, გადახედონ თავის პოზიციას და აღიარონ ეს არჩევნები, დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გლობალური საკონსულტაციო ფირმის, „მაკინზი და კომპანიის“ წარმომადგენელმა გიორგი ქობულიამ
„მე რომ ვხედავდე, რომ არის აშკარა მტკიცებულებები, რომ არჩევნები გაყალბდა, საერთოდ არ ვიჯდებოდი აქ და არ მივმართავდი მაყურებელს. მინდა მივმართო თქვენი ტელევიზიით დასავლელ პარტნიორებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას. დასავლელ პარტნიორებს მინდა მივმართო და ვთხოვო, ჩაიხედონ ფაქტებში და დაინახავენ, რომ [გაყალბების] ფაქტები არ არის.
ასევე მინდა მივმართო ოპოზიციას. დღეს მეც ოპოზიციონერი ვარ, მაგრამ დღეს არ არის დრო პოზიციისა და ოპოზიციის. დღეს უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გვერდით. განსაკუთრებით მინდა მივმართო ხაზარაძესა და გახარიას. ისინი არიან ორი ლიდერი ოპოზიციის, ვისაც ესმის ეკონომიკა. მათ ესმით, სად შეიძლება მიგვიყვანოს მათმა საქციელმა დღეს. მივმართავ მათ, რომ გადახედონ თავის პოზიციას, აღიარონ ეს არჩევნები და დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას, რომ მივიღოთ ლეგიტიმაცია და არ ჩამოგვეშალოს ეს ქვეყანა. მათ კარგად იციან, რომ ქმედებები, რასაც სჩადიან, არაფერს არგებს მათ, „ქართული ოცნება“ არ დათმობს ამ სიტუაციას, მითუმეტეს, რომ „ქართული ოცნება“ მართალია ამ სიტუაციაში. არ იქნება რიგგარეშე არჩევნები და რომც იყოს, ხაზარაძესა და გახარიას ეს არც აწყობთ, რადგან დარწმუნებული ვარ, რაც აიღეს იმაზე ნაკლებ ხმებს აიღებენ“, - აღნიშნა ქობულიამ.
0
0