24/04/2023
15:41
პოლიტიკა
მინდა, ყველას განვუმარტო, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის, მინდა, კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, ძვირფას მშობლებს. მესმის მათი ემოციურობის, ნერვიულობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ იძლევა რეკომენდაციას აღნიშნული წამლის გამოყენებისთვის.
"ბოლო დღეების განმავლობაში, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, ისე წარმოაჩინეს, მიეცით წამალი ბავშვს, თითქოს წამალი რომ მისცეს მთავრობამ, ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცით მსოფლიოში, რომელიც არის წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება. ჩვენ ამისკენ უნდა ვიყოთ მოწოდებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მედიკამენტს, სამწუხარო, მიწევს ვრცელი კომენტარის გაკეთება, რომ მიუხედავად ამ კომპეტენტური, კვალიფიციური განმარტებებისა, არ არის საკმარისი და საჭიროებს პოლიტიკურ ახსნა-განმარტებას. ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, არ აფინანსებს. ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას და ამის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი", – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპაში აღნიშნული წამლის გამოყენებაზე დისკუსია მიმდინარეობს, რასაც საქართველო მუდმივად თვალყურს ადევნებს.
"დიდი ბრიტანეთი, მეორე უზარმაზარი სახელმწიფო, ძალიან მოწინავე ქვეყანა, რომელმაც თუ არ ვცდები, დაიწყო ამ პროგრამის დაფინანსება, შემდეგ შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამის თაობაზე. აღარ მინდა, გავაგრძელო, მაგრამ ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ჯერ არ აფინანსებს. ასევე, ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ვეყრდნობით მათ გაიდლაინებს, მათ რეკომენდაციებს, მათ მითითებებს. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანმო-ს წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციებს, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ისიც ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. ამიტომ, მინდა, გითხრათ, ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩვენო ძვირფასო მოქალაქენო, თანხაზე არ არის საუბარი, 10 მილიონზე შეიძლება, იყოს საუბარი დაახლოებით და ეს თანხა არ არის ჩვენთვის კრიტიკული და პრინციპული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, რომ თუ ამ წამლის მიცემით, შეიძლება, ისე გართულდეს ამ ბავშვების მდგომარეობა, უფრო ცუდად წავიდეს მათი ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, სახლემწიფოსი, მთავრობის, რაც არ გვინდა რომ მოხდეს. ამიტომ, დრო გვჭირდება, საჭირო არის მოცდა. მინდა, მოგმართოთ, ერთად ვიმუშაოთ, მინდა, მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, სამინისტრო არის მზად, რომ ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა, მათ შორის, დაველოდოთ ჯანმო-ს საბოლოო დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება. მსოფლიოში 200 ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩვენ ჩავერთოთ ამ პროგრამაშია, რაც არის დაუშვებელი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს აღნიშნული წამლის გაიდლაინით მკურნალობას, საქართველოც ჩაერთვება პროგრამაში.
"ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ეს არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვუყურებთ კანონებს, წესებს და ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია, ასევე გვაქვს კონტაქტი ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმო-სთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება ეს საკითხი, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ გაიდლაინით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამიტომ, მინდა, მივმართო ასევე ამ ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, რომ მათი ეს ყოველგვარი, ამორალური ქმედება დაასრულონ და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, ნუ იყენებენ ამ ადამიანების მშობლებს აი ამ რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის",– განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024