04/04/2022
16:30
პოლიტიკა
„ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტს დარბაზი დაერქვას, დეპუტატებს კი დარბაისლები და ასე შემდეგ - მინდა, მედიას მივმართო და ვთხოვო, რომ ასეთი ინფორმაციის გაჟღერებისას იყვნენ კეთილსინდისიერი იმ კუთხით, რომ არ შეუქმნან შთაბეჭდილება მოქალაქეებს თითქოს ეს რომელიმე პარტიის საკანონმდებლო ინიციატივაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებებზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს პარლამენტს, შემდეგ ეს წინადადება ეგზავნებათ კომიტეტებს, კომიტეტი მსჯელობს და თუ ამ წინადადებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას ინიციატივად აქცევს. მანამ, სანამ ეს ინიციატივად არ იქცევა, ეს არის მოქალაქის ჩვეულებრივი მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით. ვინაიდან ხშირად ხდება ხოლმე ეს, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში პარლამენტის დისკრედიტაციის თუ გარკვეული კითხვის ნიშნების გაჩენის საბაბი, მედიას მივმართავ, რომ ამ კუთხით ინფორმაციის გადაცემა იყოს კეთილსინდისიერი, რომ საქმე გვაქვს საკანონმდებლო წინადადებასთან, რომელიც შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ახლა ვნახეთ, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ჟანდარმერიის შექმნის წინადადებით არის შემოსული. ვხედავთ, რომ ამ წინადადებას „ჰედლაინისთვის“ ჟღერადი დასათაურება აქვს. ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში ამგვარი ინფორმაციის გაჟღერებისას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს აქტიურობისა და საპარლამენტო საქმიანობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. „როდესაც განათლების კომიტეტში გახლდით, ერთი ასეთი წინადადება გავიზიარეთ, ინიციატივად ვაქციეთ და კანონში გარკვეული დებულება შევცვალეთ. მოვუწოდებ მედიას, რომ ამ საკითხების გაშუქებისას შეეცადონ, არ შექმნან შთაბეჭდილება ან აღქმა იმისა, თითქოს ეს რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივაა იქვე დაასახელონ, რომ ეს არის მოქალაქის ინიციატივა. ამით ყველაფერს მოეფინება ნათელი“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
0
0