
დღეს საფეხბურთო კლუბ - ,,ჭოხოსპორ აკადემიაზე” მოგითხრობთ: ქალაქ სამტრედიაში, ერთი წლის წინ, ახალგაზრდა, მიზანდასახულმა, საკუთარ საქმისა და ქალაქის სიყვარულით გულანთებულმა სამტრედიელმა, გიორგი ჭოხონელიძემ, საფეხბურთო კლუბი ჩამოაყალიბა.
,,ჭოხოსპორ აკადემია” არსებობის ერთ წარმატებულ წელს ითვლის. აკადემია, დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით, ენთუზიაზმით ფუნქციონირებს. მას ფინანსური მხარდამჭერი არ ჰყავს. აკადემიაში 38 ნორჩი სპორტსმენი ირიცხება. ამ ეტაპზე, გუნდი, ინტენსიურ რეჟიმში ვარჯიშობს და იმერეთის ჩემპიონობისთვის ემზადება. წინ დიდი გზაა, გამარჯვებებით და იმ იმედით აღსავსე, რომ გუნდს გამოუჩნდება სპონსორი, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას მაქსიმალურ მხარდაჭერას და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. მანამ კი, იმერეთის ჩემპიონატია, სადაც ,,ჭოხოსპორ აკადემია” თავის ღირსეულ სათქმელს იტყვის და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
"მოგეხსენებათ, ჩვენს ქალაქს სპორტული მიღწევებისა და გამოჩენილი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს. ჩემი სათაყვანებელი, მშობლიური ქალაქის დიდმა სიყვარულმა და მისი სპორტული ცხოვრების განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანის სურვილმა დამაბრუნა აქ, ქალაქში, რომელსაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები უკავშირდება. დიდი დაბრუნების სურვილთან ერთად, კიდევ ერთი ჩანაფიქრი ვაქციე რეალობად - ჩამოვაყალიბე საფეხბურთო კლუბი, რომლის მიზანია, მომავალ თაობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ნორჩი სპორტსმენების ჩამოყალიბება დიდი სასპორტო გამარჯვებებისკენ.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ჩვენი სახსრებით და უანგარო, მადლიანი ადამიანების ფინანსური დახმარებით ვახერხებთ ბოლომდე დავიხარჯოთ და ჩვენი ღირსეული სათქმელი ვთქვათ. მადლობა იმ ადამიანებს, რომელნიც გვერდით დაგვიდგნენ და დახმარება გაგვიწიეს. კლუბის ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარებისთვის, მჯერა, გამოჩნდებიან სპონსორები, რომელნიც გაწეული თანადგომით, სასიკეთო და დიდ საქმეს ჩაუყრიან საფუძველს. მე კი ჩემს დასახულ მიზანს ბოლომდე მივიყვან: მინდა, აღვზარდო გამორჩეული და წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც ასახელებენ არა მარტო ქალაქს, არამედ - ჩვენს ქვეყანას. ჩემი საქმიანობის პრიორიტეტი სწორედ ესაა - სპორტი და ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და გამარჯვებებისთვის მზაობა. კლუბში მიზანდასახული, შრომისმოყვარე თაობა იზრდება. ვემზადებით იმერეთის ჩემპიონატისთვის და დამაჯერებელი გამარჯვების მოსაპოვებლად. მჯერა, ჩვენი გუნდის მონდომება, შეუპოვრობა, სასურველ შედეგზე აისახება და ჩვენი ქალაქის სასპორტო ცხოვრების ისტორიას დავწერთ. წარმატებები, ჩემს სპორტსმენებს!",-აცხადებს გიორგი ჭოხონელიძე.
0
0
9 მაისს ევროპის დღეც აღინიშნება
09/05/2025
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
09/05/2025