23/12/2024
18:44
პოლიტიკა
მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დამშვიდდნენ. ქვეყანა 12 წელია, სწორად მიდის და მსგავსი გადახვევა არ ყოფილა, არავის, ბიზნესის არცერთ წარმომადგენელს არ ჰქონია პრეტენზია, რომ 12 წლის განმავლობაში ყოფილიყო რაიმე აცდენა, ან ევროპული გზისკენ არ მივდიოდეთ, ასეთი რამ არ ყოფილა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მეთორმეტე წელს ზოგ ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენების მხრიდან მათ აღქმაში დადგა, რომ უცბად გადავუხვიეთ კურსს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიზირებული, სცენარი დაწერილია ჩვენს ფარგლებს გარეთ. ამ სცენარით მიდის მოქმედება, ამ სცენარით მიდის მუშაობა და ახალგაზრდობა გამოიყენეს იმისთვის, რომ დაეტოვებინათ საზარბაზნე ხორცად, შეატოვეს, იმუშავეს მაქსიმალურად იმაზე, რომ გამოეწვიათ ასეთი ტემპერატურის გაცხელება. ჩვენი ქვეყანა არ ადარდებთ იმ ადამიანებს, იცით, ვისაც ვგულისხმობ, კონკრეტულად ოპოზიციას. იყენებენ მაქსიმალურად ყველა ძალას, რომ დღეს მაგალითად, მთავრობას, ხელისუფლებას და ზოგადად ჩვენ ყველას გვაბულინგებენ, ვითომ ჩვენ გვინდა სხვა კურსი. აქ არავის არაფერი არ უნდა, აქ უნდა ყველას მშვიდობა, რაც გამოაცხადა პრემიერმაც, რაც განაცხადა თითოეულმა ბიზნესმენმაც“, – აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
ნოშრევან ნამორაძის თქმით, პრემიერთან კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა.
„განვიხილეთ მთელი განვლილი გზა 12 წლის განმავლობაში, როგორ იარა ბიზნესმა და ქვეყანამ. 12 წლის განმავლობაში არ გადაუხვევია გზიდან ქვეყანას და აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენი ხედავს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდება, არა, პრემიერმა ახსნა აბსოლუტურად ყველაფერი, რა იყო, როგორ იყო 12 წლის განმავლობაში, როგორ გვებრძოდნენ, რამდენჯერ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა. ჩვენი ქვეყანა არ მოასვენეს და ვერ დავისვენეთ საერთოდ. ბევრი კრიზისი გადაგვივლია და გამოგვივლია“, – აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
ნოშრევან ნამორაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებსაც.
„ვილაპარაკეთ არჩევნებზეც. მილიონ ას ოცი ათასმა ადამიანმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ოთხმა დანარჩენმა პარტიამ აიღო დანარჩენი ხმები და კითხვა მაქვს, რას ნიშნავს, იქამდე ვატაროთ არჩევნები, ვიდრე ისინი არ მოიგებენ? გამორიცხულია. 12 წელია, სიწყნარეა და სიწყნარე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
ამასთან, ნოშრევან ნამორაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიმართა: „თქვენი სიტყვა არ დაიჯერება, თქვენ მე მაბულინგებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც თქვენ მე რასაც მიშვებოდით, როგორ ატერორებდით ბიზნესს და ზოგადად მოსახლეობას, დღეს განაგრძობთ აქედან, აი აქედან, ტელევიზიებიდან განაგრძობთ ამას. ცოდოა ეს ხალხი, დაასვენეთ, დაასვენეთ ეს ქვეყანა. 12 წელია, მაინც ეკონომიკური ზრდა არის, მაინც წინსვლაა და შესაბამისად, დღეს მაქსიმალურად მცდელობაა, რომ გადატეხონ და რამეს მიაღწიონ. არავის არაფერი გამოუვა, დღეს ბიზნესი დგას მოწოდების სიმაღლეზე. მესმის, თქვენ აბულინგებთ და ბიზნესი იმიტომ არის შეწუხებული. ამ ბულინგის მსხვერპლია ბიზნესიც. ყოველ მეორე სიტყვაში ბულინგია“.
0
0