
მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონები „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებულია და გამოქვეყნებისთანავე ძალაშია.
პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება.
ცვლილების მიხედვით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, კანონში იწერება, რომ დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნებით გადაკეტვა.
1
0