
მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი. იმედი მაქვს, საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები ჩადგება ისევ იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ყაველაშვილმა უპასუხა შეკითხვას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებაზე, რომ საქართველოს მეგობრები დღეს უნგრეთი და სლოვაკეთი არიან.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ელჩი იქნება, რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ სხვა, ვერავის მისცემენ საშუალებას, დააზიანონ საქართველოს მიერ განსაზღვრული გზა, რაც არის სახელმწიფოს გაძლიერება, ეროვნული ინტერესები და ღირებულებები.
„ძალიან სამწუხაროა, როცა ასე გააუფასურა გერმანიის როლი საქართველოს განვითარებასთან მიმართებით ამ ადამიანმა. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა გერმანიასთან, ყოველთვის იყვნენ ანგარიშგასაწევი მათი ელჩები, მათი აზრი ჩვენს საზოგადოებაში. ამ ადამიანმა იმდენად დააკნინა თავისი ხელისუფლება და ქვეყანა, რომ უკვე ღიმილის მომგვრელია მისი განცხადებები. შეფასებაც მიჭირს, რომ მსგავსი განცხადებებით გამოირჩევა ეს ადამიანი და არაერთი განცხადება გაუკეთებია, ხომ? სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი. ჩვენ ვიცით მისი ისტორია, შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი იყო, იმედი მაქვს, აუცილებლად აღდგება და ჩადგება ისევ იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო ჩვენს ქვეყნებს შორის.
დარწმუნებული ვარ, თავად გერმანიაში არის პრობლემა ამგვარი ქმედებებიდან გამომდინარე. მათი რეიტინგებიდანაც ჩანს, რომ ძალიან რთული მდგომარეობა აქვს არსებულ ხელისუფლებას და მსგავს ადამიანებს. ვგულისხმობ საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერას, ამას ყველა ვხედავთ. უნგრეთზე და სლოვაკეთზე საუბრობს და ვერ ბედავს, ტრამპს უთხრას რამე. ევროკავშირში ტრამპის დასაყრდენი ეს ორი ქვეყანაა. ვნახეთ რუბიოს ვიზიტები ამ ორ ქვეყანაში. აქ სასტვენებით დასდევდნენ, როცა ორბანი იყო ჩამოსული.
ერთი ქსელია, ერთი ძალიდან იმართება მთელი ეს პროცესები, ბატონი ფიშერიც ამ პროცესების ნაწილია, ამიტომაც საუბრობს უნგრეთზე და ორბანზე ამ კონტექსტში. ვერ ბედავს, რა თქმა უნდა, ტრამპთან მიმართებით მსგავს განცხადებას. იცის, რა პასუხიც მოელის.
ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკვირდებით, ვიცით, ვგრძნობთ კიდეც ამ პროცესებს. ჩვენი პასუხი რა არის, როგორ იქცევა საქართველო, საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება – რა თქმა უნდა, ჩვენ თავს არ ვხრით და საკადრის პასუხს აუცილებლად ვცემთ და გავცემთ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ჩვენი განსაზღვრული გზა გვაქვს. რომელიმე ელჩი იქნება, რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ პარლამენტის კომიტეტის წევრი, ვერ მივცემთ საშუალებას, მათ დააზიანონ ჩვენი მთავარი გზა. რა არის ჩვენი მთავარი გზა – სახელმწიფოს გაძლიერება, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ეს პროცესები ჩვენ თვალწინ ვითარდება. ამ გამოწვევებმა ჩვენ საკმაოდ ბევრი გვასწავლა, გავუძელით და გავძლიერდით. პარლამენტში გამოსვლისას ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო დღეს არის ბევრად ძლიერი. წლების წინ, მსგავსი განცხადებებით შეიძლება, ძალიან ბევრი პანიკაში ჩავარდნილიყო ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ დღეს ღიმილის მომგვრელია მსგავსი განცხადებები. ყველა ხედავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროა, რომ დასაცინი ხდება ჩვენს საზოგადოებაში გერმანიის ელჩი. აი, ეს არის სამწუხარო, მაგრამ ჩვენ ვერ შევცვლით.
ეს მათი არჩევანი, მათი დამოკიდებულებაა, მაგრამ ჩვენს განსაზღვრულ გზას, რომელზეც ვპოზიციონირებთ და ყოველდღიურ რეჟიმში ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას, რა გვინდა, რა გზა ავირჩიეთ და საით მივდივართ, ამ გზას ჰყავს გულშემატკივარი, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს საზღვრებს გარეთაც და აფასებენ ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციებს. ჩვენ ყველასთან თანასწორუფლებიანად ვმოქმედებთ, ვინც კი ცდილობს, ჩვენთან გულწრფელი და თანასწორი ურთიერთობა განახორციელოს და ხდება კიდეც ეს პროცესები. დღე და კვირა არ გავა, რომ არ ჩამოვიდეს ვინმე საქართველოში, ან ჩვენ არ ვესტუმროთ რომელიმე ქვეყანას და იქ სწორედ ეს ჯანსაღი ურთიერთობები ვითარდება. ჩვენს გარშემოც, ჩვენს მეზობლებთან მიმართებითაც შეგვიძლია ეს ვთქვათ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოპოზიციის რადიკალური ფრთა საქართველოში დავალებების შემსრულებელია და სამწუხაროდ, ფიშერიც იმავე გზას ადგას.
„არ მინდა, ახლა ამ სპეკულაციებზე ვისაუბრო, მაგრამ ფაქტია, დააკვირდით, ეს ადამიანები, ფიშერიც, მანამდე ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა, რომელსაც რთულია, ოპოზიცია უწოდო, პირდაპირი დავალებების შემსრულებელი და ამ სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტიტების არ მცნობი არიან, ვერ დავარქმევთ მათ ოპოზიციას, გახსოვთ, ტრამპზე რა მოწოდებები იყო მათი მხრიდან, სლოვაკეთსა და უნგრეთზე როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ. გახსოვთ საქართველოში ჩამოსული პრემიერი, როგორ დახვდნენ და როგორ მოუწყვეს აქციები ამ ადამიანს. ვნახეთ შემდეგ მისი სტუმრობა აშშ-ის პრეზიდენტთან და აქ დუმან, აქ ჩერდებიან, ვერ ბედავენ ტრამპის კრიტიკას. იქ სადღაც კულუარებში ამბობენ, მაგრამ საჯაროდ ამას ვერ ახორციელებენ. რა თქმა უნდა, ერთი ფეხის გადაბრუნება და პირდაპირ დაიწყება ტრამპის კრიტიკაც და ძაგებაც. არც ეს მიკვირს, რადგან ეს ადამიანები არიან დავალების შემსრულებლები და ბატონი ფიშერი, ჩვენდა სამწუხაროდ, იმავე გზას ადგას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა – ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, ძალიან კარგი ურთიერთობები. საზოგადოებამ იცის, მაგრამ მაინც მინდა, შევახსენო, რომ ჩემი პირველი ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. იყო შეფასებები – აი, ხომ ხედავთ, სად მიდის ყაველაშვილი, დიქტატორთან, ავტორიტართან, რა სახელმწიფოში წავიდა და ალიევი ჰყავდათ მოხსენიებული, როგორც ავტორიტარი და დიქტატორი, ამ ძალას, რომელიც აძაგებს ორბანს, რომელიც არის ფიშერის და ამ რადიკალური ფრთის აზრის გამგრძელებელი. გახსოვთ ასევე, ევრობიუროკრატია როგორ მოიხსენიებდა ჩვენს მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანს და დღეს ვნახეთ აბსოლუტურად შეცვლილი პოზიციები. თავად ვიხილე ეს ყველაფერი, ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი, როგორ დადგა რიგი ევრობიუროკრატების, რომ შეხვედროდნენ ალიევს. ჩემ თვალწინ ხდებოდა. მართლაც ღიმილის მომგვრელი იყო, უბრალოდ არ მივეცი ჩემ თავს უფლება, ეს ყველაფერი გადამეღო, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ დამიჯეროს, რომ ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ტრამპა მასთან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა. ამაზე მაქვს საუბარი. ოპოზიციაზე უნდა ვსაუბრობდეთ, მაგრამ ყოვლად უპრინციპო, ყოველგვარი ხედვის გარეშე, არსებული რაღაც წარმონაქმნი, ძალაა, რომელიც მილევადია, წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების უმცირესობის უმცირესობას, თუმცა ცდილობს, ამ ტექნოლოგიებით, გარე ძალების დაფინანსებით და საშუალებებით, რითაც ეხმარებიან, წარმოჩნდეს, თითქოს რამეს წარმოადგენენ. მხოლოდ არიან დავალებების შემსრულებლები და მავნე ძალა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები, ქართული სახელებით და გვარებით, არიან ამ დავალებების შემსრულებლები. მგონი, ესეც მილევად რეჟიმშია. მთავარია, ჩვენი საზოგადოება ინფორმირებულია მათ ქმედებებზე, მათ ხედვებზე, რა უნდათ და ეს პროცესი არ ჩერდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0