
უკრაინაში საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ისეთი ძალების არსებობა, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ყაველაშვილს კითხვა დაუსვეს ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებაზე.
„ეს არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენთვის – მით უმეტეს. განსაკუთრებით უკრაინაში საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ამ ძალების არსებობა. მათ აღარ დამალეს და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენს ხელისუფლებაზე – რა თქმა უნდა, გარედან და აქაც, არასამთავრობოებისა და რადიკალური ოპოზიციის საშუალებით. ვხედავდით, არაერთხელ დაისვა კითხვა, რას ითხოვდნენ ომის პირველ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისგან. აქციებიც მოაწყვეს და დღეს თითქოს ჩუმად არიან, თითქოს სხვა პროტესტი ჰქონდათ. ხომ ვიცით, რა უნდოდათ. უნდოდათ, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაგვეგზავნა და იარაღი გაგვეგზავნა უკრაინისთვის. არაერთხელ მითქვამს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ამერიკის პრეზიდენტმაც აღნიშნა – მოხალისეების გაგზავნა ნებისმიერი მთავრობის მხრიდან ნიშნავს, რომ ქვეყანა ომში ერთვება. სწორედ ამას ითხოვდნენ ეს ადამიანები, რომლებიც დღესაც აქციებზე დადიან. როცა ამბობენ – ომი გინდათ, ომს ვინ ითხოვდაო, ეს ხომ ომში ჩართვა იყო პირდაპირი მნიშვნელობით.
იმას აღარ ვამბობ, კულუარებში რას ითხოვდნენ. ჩვენ ამას გავუძელით. მაგრამ საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ რადიკალურ ფრთას არავითარი შესაძლებლობები არ აქვს. მათი ერთადერთი შესაძლებლობაა, სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება, რომელსაც ჩვენ კანონის საშუალებით ვამხელთ. როგორ წარმოგიდგენიათ, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკა და პოლიტიკური პარტიები, მათი არსებობა სხვა ქვეყნის დაფინანსებით ხდებოდეს. ეს ხომ წარმოუდგენელია. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თითქოს ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდნენ, კრიტიკულ ვითარებაში დავინახეთ, მათი ქმედებები. აქციებზე მათი დიდი ნაწილი იყო გამოსული, მართლა წარმოუდგენელი ფაქტი იყო, როცა ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და ხელისუფლების გადაბარებაზე ჰქონდათ აქცენტი“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ გაერთიანებული არიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები.
„იმ ხალხში, რომელიც დღეს შეიკრიბა, ვინ არის ახალი? ისინი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ზოგიერთი ახალგაზრდა ამბობს, მაშინ პატარა ვიყავი და არაფერი მახსოვსო, შევახსენებ, იცოდნენ მათი დანაშაულები. ამ ადამიანების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. 26 მაისის ღამეს ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს – ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმულები ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები იყვნენ. ახლა ციხეში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ჩვენი ხანდაზმული ადამიანების სისხლზე. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისზე საუბარს და მასშტაბურ ეროვნულ აქციებს – ეს წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა. მისივე თქმით, დღეს ერი და ბერი ერთად დგას.
„მთავარია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული. პარალელის გავლება მარტივად შეიძლება. მაგალითად, ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო ყველა განცვიფრებული ვართ. ერთი კვირის განმავლობაში მუდმივი კონტაქტი მქონდა სასულიერო პირებთან და ისინიც განცვიფრებული, შოკში იყვნენ, რაც საქართველოში ხდებოდა. ეს აჩვენებს, რომ ამ უდიდეს პიროვნებას ასეთი ძალა ჰქონდა, ასეთ სიყვარულს აფრქვევდა. გარდა ამისა, დავინახეთ ხალხის განწყობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ყველა განცვიფრებულია, როგორი მასშტაბური მოვლენა მოხდა ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების დროს. სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ. რა თქმა უნდა, შეცდომების გარეშე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ არსებობს. მთავარი საკითხი რა არის, იცით? ბოლო წლების მოვლენებს კარგად თუ გადავავლებთ თვალს, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ის უსმენს ხალხს და ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო – დღეს ერი და ბერი ერთად დგას და სწორედ ამას ვიცავთ.
ყველამ დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. აქ პოლიტიკური განსხვავება არ იყო, ეს იყო ეროვნული საკითხი – რომ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს მამულს, რწმენას, ენას, კულტურას და ტრადიციებს. ეს იყო გამოხატული ბოლო წლებში ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მიერ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო ვიბრძვით პოლიტიკურ ველზე. გუშინდელი ჩემი შეხვედრაც ამ თემებს ეხებოდა. რა თანხვედრა გვაქვს, რას იცავს სლოვაკეთი – ეროვნული ინტერესები, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა ქვეყანას აწუხებს, მით უმეტეს, პატარა ქვეყნებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებთან.
0
0