
მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.
„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომის მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება.
„სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ასევე განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და სხვა მიმართულებებს. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა – ქუთაისსა და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოეებს ჩვენს ხალხებს და მეტი ტურისტი იქნება როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოში.
ჩვენი შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. ამასაც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემი კოლეგა, რადგან იცის ჩვენი, საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში. შუა დერეფნის თემა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა. ამიტომ უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდია, უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება, რომ ამ რეგიონს მეტი ყურადღება მიაქციოს. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი და ჩვენი ქვეყნები უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენენ, რათა საქართველოს პოტენციალი, რომელიც აქვს შუა დერეფნის სახით, უფრო მეტად იყოს ათვისებული. საქართველო დღესაც ამ ფასეულობების ერთგულია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0