
შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „კიდევ უფრო შემზარავია ის ცინიკური შეფასებები, რაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აქვთ ამ საშინელი ფაქტის მიმართ“.
„ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას, მიუღებელი აზრის დევნას და ცდილობს, დანერგოს და გაავრცელოს თავსმოხვეული, მახინჯი იდეოლოგია. გამძლეობას ვუსურვებ ჩარლი კირკის ოჯახს და ახლობლებს“, – წერს ყაველაშვილი.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.
0
0