
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემთვის ეს არ არის ახალი, სამწუხაროდ. სულ ახლახან იყო აშშ-ის პრეზიდენტის საჩივარი „ბიბისთან“ მიმართებით. ტრამპზე იყო დეზინფორმაციული მასალა და „ბიბისის“ მოუხდა ხელმძღვანელობის შეცვლა. პარალელს გავავლებ – არაფერი განსხვავებული არ ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდებოდა. გახსოვთ, „ბიბისიც“, „სიენენიც“, ყველა მედიასაშუალება, მათი ლობისტური კომპანიების საშუალებით, დაიქირავეს სამედიცინო ექსპერტები, როგორი ბუმი იყო ატეხილი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება წამლავს მიხეილ სააკაშვილს. ისიც კი იკადრეს, რომ პოლონეთიდან ჩამოსულ ექიმებს, ასე ვთქვათ ქურდულად უნდოდათ, თავისი ფეხსაცმლით გაეტანათ ანალიზი, რომ შემდეგ გაეკეთებინათ ყალბი ცნობები, თითქოს მართლა აწამებს ქართული სახელმწიფო. გახსოვთ, მთელი რადიკალური ფრთის მოთქმა, რომ დღეს თუ არ უშველით სააკაშვილს, ხვალ ის გარდაიცვლება და ა.შ. ვინმემ ბოდიში მოიხადა? 27 ელჩის პროტესტი გვახსოვს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან როცა ბრძანდებოდნენ, საჯარო პროტესტი გამოაცხადეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, თითქოს მძიმე მდგომარეობაში იყო და აწამებდა ჩვენი ხელისუფლება. შემდეგ სტრასბურგმა ეს ყველაფერი უარყო და დაამტკიცა, რომ არც არაფერი სჭირდა, მშვენივრადაც გამოიყურება და ბრძოლის ჟინით არის გამსჭვალული ყოფილი პრეზიდენტი. ვხედავთ, რა ხდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილთან დაკავშირებით, რომელიც „ბიბისის“ გამოქვეყნებულ მასალაში ერთ-ერთი რესპონდენტია.
„კონსტანტინე ჩახუნაშვილის საშუალებით ააგო „ბიბისიმ“ ფილმი. დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ იმ ნივთიერებაზე საერთოდ არ საუბრობდა. დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული. ქილიკის საგანია ხოლმე, ვინ დგას ამ ძალების უკან. როგორ ხდება, რომ სინქრონულად, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ერთ ხმაში საუბრობენ, არც ერთს არ დაუსვამს კითხვა არც გამოძიებაზე, არც იმაზე, სიმართლეა, თუ არ არის სიმართლე, პირდაპირ იწყებენ შეტევას სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.
ამასთან, „ბიბისის“ მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო.
0
0