
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მოსახლეობას დამდეგი 2026 წელი მიულოცა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 2025 წელს ქართველებმა მათთვის დამახასიათებელი სიმტკიცე გამოავლინეს და ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები დაიცვეს.
„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! დღეს, ამ განსაკუთრებულ წუთებში, როდესაც ძველი წელი ისტორიას ბარდება და ახალი კარს აღებს, მოგმართავთ დიდი სიამაყით, მადლიერების გრძნობითა და მომავლის იმედით. 2025 წელი ერთდროულად განსაცდელისა და სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური ბუნება და სიმტკიცე, გაუძლო არნახულ ზეწოლას, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, რაც იდენტობის, რწმენისა და ტრადიციების გადარჩენას ნიშნავს. სწორედ ამ განწყობითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით ვეგებებით 2026 წელს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა აფხაზ და ოს დებს და ძმებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ზრუნავენ და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.
„გულწრფელი სიყვარულით და მონატრებით მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, ისევე როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მსურს განსაკუთრებულად მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენი ხალხის სულიერ საყრდენს, რწმენის, ზნეობისა და ეროვნული ერთიანობის მცველს. ვულოცავ ყველა კონფესიის წარმომადგენელს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს. დიდი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს და სამართალდამცველებს, რომლებიც ღირსებითა და ერთგულებით იცავენ ჩვენი მოქალაქეებისა და სამშობლოს უსაფრთხოებას. ახალ წელს ვულოცავ და მადლობას ვუხდი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ თითოეულ თანამემამულეს და თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას, ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში. ყოველთვის გვქონოდეს რწმენა, რომ ერთად ნებისმიერი სირთულის დაძლევას შევძლებთ. გილოცავთ დამდეგ 2026 წელს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!“, – ნათქვამია პრეზიდენტის საახალწლო მილოცვაში.
0
0