
მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალ გზებს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და კიდევ უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ, ევროპის ქალაქებში არ გავრცელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება“.
„გასაკვირი არაფერია. გასაკვირი ის არის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც „რუსული კანონის“ სჯერათ. არ აკვირდებიან იმას, რაც ხდება, პროტესტი არ გააჩნიათ, მაგალითად მაკრონის მიმართ. ტრამპი ერთი – ერთში საუბრობს ჩვენი გზავნილებით. თითქოს საქართველოსთვის იბრძვიან, მაგრამ ჩანს, ან დაკვეთას ასრულებენ, ან მოტყუებული არიან, ამას ვერაფერს ვუშველით. სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულებები, განვითარების გზები. ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, ვიხელმძღვანელოთ ფაქტებით, არსებული რეალობით და არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ თუ არა ხელისუფლება. შეფასებაში იყავით კრიტიკული და სამართლიანი, როდესაც საკითხი ჩვენს ქვეყანას ეხება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატია უდიდეს კრიზისშია.
„მაკრონს, ევრობიუროკრატიას რაც შეეხება, ვხედავთ, უდიდესი კრიზისის წინაშე არიან. ეს პროცესები გარდაუვალი იყო, ვითარება არ ჩაწყნარებულა. მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ არ აქვთ სხვა გამოსავალი, სიტუაციიდან გამოსავალ გზებს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და კიდევ უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ, ევროპის ქალაქებში არ გავრცელდეს. ჩვენ დაკვირვების გზა ავირჩიეთ, ვიცით, რა გვინდა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა გრძელვადიანი ხედვაა და გამოწვევების აღქმა. ბევრ ქვეყანას უნდა, იმავე პოზიციაში იყოს, როგორშიც საქართველოა. ჩვენ ამიტომ გვაქებენ, ამიტომ უნდა სერბეთს ჩვენთან კარგი ურთიერთობა და პარტნიორობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0