
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თანმხლები დელეგაცია მილანში, ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
„საქართველოს პრეზიდენტთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მილანში, ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დავესწარი.
წარმატებები საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს!“ – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.
გახსნის ცერემონიამდე, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონსა და დელეგაციასთან ერთად, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს უგულშემატკივრა.
ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში პირველი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში მეოთხე ადგილზეა. 7 თებერვალს მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს, რომლის გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას და მედლებისთვის ბრძოლას.
0
0