
საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე საუბარი ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება, თუმცა მთავარ პრობლემად ირაკლი კობახიძის განცხადებას ასახელებდნენ.
„ატყდა ამბავი, თითქოს პროტესტის მთავარი მოტივატორი იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო დროებით აჩერებს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ყველა მოლაპარაკებას. მაშინაც ვსაუბრობდით, რომ შეჩერებაზე საუბარი ჯერ კიდევ ივნისში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა? ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მთავარია, რომ საზოგადოებამ მოუსმინოს ხელისუფლებას.
„არავინ სთხოვს საზოგადოებას, ხელისუფლების მომხრე იყო, მაგრამ საუბარია რეალობის აღქმაზე, სამართლიანობის განცდაზე, სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულებაზე და ობიექტურ შეფასებებზე. ჩვენი გზა უკვე არჩეული გვაქვს. მყარად და წყნარად მივდივართ ამ გზით, რაც რეალობაშიც ჩანს. ვისაც უნდა გაგება და დანახვა, ძალიან კარგად ხედავს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აღიქვამს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, აქედან გამომდინარე, შედეგიც ანალოგიურია. ერთადერთი, რაზეც გული გვწყდება, არის ის, რომ რიგი ადამიანებისა არის დეზინფორმაციის, ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ მსხვერპლშეწირვას თავისდა საზიანოდ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო პარალელურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას.
„ჩვენ კი არ ვაბრალებთ ევროკავშირს, ვსაუბრობთ ფაქტებით. ჩვენი საზოგადოება ბევრად მეტს იმსახურებს, უფრო გონიერია. ირაკლი კობახიძემ მეორე დღესვე გააკეთა განცხადება, რომ ვარ მზად, ნებისმიერ დროს, როგორც კი ევროკავშირი მზად იქნება ჩვენთან მოლაპარაკების გახსნისთვის, დავიწყოთ მოლაპარაკებაო. ეს არის ფაქტი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს გაავრცელა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.
0
0