
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დიდი სურვილია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს.
როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაშინგტონსაც სურს საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა და ეს ყველაფერი გამოჩნდა.
მისი თქმით, ზოგიერთი ძალები ამ ყველაფერზე ქილიკობენ.
„როცა მედიასაშუალებით ვსაუბრობთ, ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და მუდმივად ვცდილობთ, მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა, ვიყოთ თანმიმდევრულები, ნებისმიერი შეხვედრის დროს რას ვაცხადებთ და რა მოლოდინები არის. ალბათ, გაიხსენებთ როგორი ქილიკი იყო ჩემი გაერო-ში ვიზიტის დროს, როცა შეხვედრები მქონდა. ამ თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ ისინი ამ საკითხს დაუბრუნდებოდნენ, შემდეგ მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ. ასევე, წინა კვირას იყო პრემიერთან სატელეფონო საუბარი. ეს არის თანმიმდევრული მიმართულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს სრულდება.
რა თქმა უნდა, ის ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან, ფაქტია, რა დღეში არიან და როგორ არის მათი არსებობა ქართულ საზოგადოებაში დაკნინებული. კიდევ უფრო დაკნინდება იმიტომ, რომ როცა სიცრუეზე, სიძულვილზე, დეპოლარიზაციაზე გაქვს აწყობილი მთელი შენი კამპანია, მით უმეტეს არა საქართველოს მოქალაქეების მცირე ჯგუფებზე, არამედ გარედან იმართება ეს ყველაფერი. მათი დავალების აქტორები არიან საქართველოს საზღვრებს მიღმა. კიდევ უფრო მკაფიო ხდება ამ ხალხის არსებობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სწორება არის ჩვენს საზოგადოებაზე. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო მათ, მიუხედავადა ამ დეზინფორმაციებისა და სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციებს, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალოდ შეხებაში ვართ ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან.
როგორც სრულდება ეს ყველაფერი, ეს არის მთავარი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პროცესი გადაიტვირთოს. მათი [აშშ-ის] სურვილიც არის და ეს ყველაფერი გამოჩნდა. დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ როგორც განაცხადეს, ძალიან დიდი ნეგატივი იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან დატოვებული და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა, თუ როგორი დამოკიდებულებით იყო წინა ადმინისტრაცია და როგორ შეიცვალა ეს პროცესი. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
0
0