
არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა, ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს კი, არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
ყაველაშვილის თქმით, უნდა გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა შანსს, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს არჩევნებში იღებს მონაწილეობას.
„პირველ რიგში, გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გავაკეთე არჩევანი. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა,დაპირისპირება, პოლარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენ მოქალაქეებს, მათ, ვისაც სწამს ჩვენი სამშობლოსი, სახელმწიფოსი, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მადლობა გადავუხადო, იმ ადამიანებს, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია, მინდა, ყველას განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები. სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა, არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარტივად გასაკეთებელი არჩევანია. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
0
0