
ანტონიუ გუტერეშმა მადლობა გადაგვიხადა, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტერეშმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით. დიდი მადლობა გადაგვიხადა იმისთვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.
„აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0