
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პანელური დისკუსია, სახელწოდებით – „კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჯანდაცვის სექტორში“ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ფარმაცევტულ და სამედიცინო სერვისების ბაზარზე.
„განვიხილეთ, ზოგადად, კონკურენციასთან და პაციენტების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი უწყება ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ფარმაცევტულ ბაზარსა და სამედიცინო სერვისების ბაზარზე, მთლიანობაში, ბაზრის შეფასებასა და რეკომენდაციებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში, ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დანერგილი, რამაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი შედეგები მისცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. საუბარია მედიკამენტების მიმართულებით ფასების შემცირებაზე. ასევე არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში ჩვენს უწყებასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის“, – განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
დისკუსიის დროს, იმსჯელეს სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.
„ყურადღება დაეთმო მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და კონკურენტული ჯანდაცვის ეკოსისტემის შექმნის მიმართულებით საერთო ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო სამართლიანი კონკურენციის პირობების განსაზღვრის კრიტერიუმებს, მომხმარებლის მიერ საკუთარი უფლებების დაცვას სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებებში, გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და ხარისხის სტანდარტებს, ასევე იმას, რა მექანიზმებით უზრუნველყოფს სახელმწიფო სამართლიან ბალანსს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის“, – ნათქბამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, მარეგულირებელი ორგანოები, არასამთავრობო სექტორი, აკადემიური წრეები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
0
0