
უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, უნგრულ მხარესთან გამოცდილების გაზიარება მომავალში ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის რაც შეიძლება მეტად ინტენსიფიკაცია, რათა ორმხრივად საინტერესო შესაძლებლობები უფრო კარგად წარმოჩინდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოჰყვეს ამას კონკრეტული შედეგები, რომელსაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იგრძნობს.
უნგრეთს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აქვს როგორც ფარმაცევტიკის მიმართულებით, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით. ვფიქრობ, გამოცდილების გაზიარება იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო როგორც საუნივერსიტეტო, ისე ფარმაცევტიკის მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესოა ტრანსპლანტაციის მიმართულება. ორმხრივი შეხვედრის დროს ბევრი თემა იქნა მიმოხილული. უნგრულმა მხარემ არაჩვეულებრივი მასპინძლობა აჩვენა. ყველა სექტორული მიმართულებით ეს ჩარჩო, ანუ მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი, რომელიც ნებისმიერი კარის გაღებას ამარტივებს. აღნიშნული ძალიან სასარგებლო და საინტერესოა. ეს სამომავლო განვითარების ერთ-ერთი მთავარი არხია ქვეყნისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ყველა სექტორული მიმართულებით მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
0
0