
ტრადიციისთვის არ გვიღალატია, სოციალური საკითხები და ადამიანი, როგორც ყურადღების მთავარი ცენტრი, კვლავაც აქტუალური რჩება ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
სარჯველაძემ უპასუხა კითხვას: „2026 წლის ბიუჯეტი არის დამტკიცებული, რომლის პრიორიტეტადაც ჯანდაცვა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. რა მიმართულება იქნება თქვენი სამინისტროსთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, რომლის მოგვარებასაც ისურვებდით 2026 წელს?“
„ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა, რომ როგორც კი შესაძლებლობა ჩნდება, ფინანსური შესაძლებლობები ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს. საბედნიეროდ, ეკონომიკური წინსვლის გათვალისწინებით, ბოლო დროს საქართველოს ნამდვილად აქვს ასეთი შესაძლებლობები. ქვეყნის პრიორიტეტია ადამიანების სოციალური დაცვა. ბევრი რამ გვაქვს გეგმაში, იგივე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით და აქედან დაწყებული, მაგალითად, რუხის კლინიკის განვითარებით დამთავრებული. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. იქნება ახალი სერვისები, ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელოდება იმ რეგიონის და არა მხოლოდ იმ რეგიონის მოსახლეობას, ვინც არიან ბენეფიციარები.
არის ცალკეული მიმართულებები, რომლის გამოც ამ დრომდე საჭირო იყო დედაქალაქში ან რომელიმე სხვა შედარებით დიდ ქალაქში მოსახლეობის ჩასვლას, თუმცა ხელმისაწვდომობა გახდება იქვე, რეგიონში. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვნად გაამარტივებს სასურველ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ხელმისაწვდომობა გაჩნდა კარდიოლოგიის, არითმოლოგიის მიმართულებით, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. ბუნებრივია, ყველა სიახლე იქნება დანერგილი. წინასწარ არ შემიძლია, ზუსტად ჩამოვთვალო, წლის განმავლობაში რისი დანერგვა მოხერხდება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მუდმივად მზარდი შესაძლებლობები ექნება იქნება ამ დაწესებულებას. მთელი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, კვარტალი არ გასულა, რომ ახალი, მნიშვნელოვანი სერვისი არ დამატებოდა რუხის კლინიკის მიერ შეთავაზებული სერვისების სპექტრს. ეს გაგრძელდება და მაქსიმალურად დაიხუნძლება ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო სერვისებით. ეს არის ალბათ მთავარი ღირსება, რომელიც აქვს ამ კლინიკას იმასთან ერთად, რომ სერვისებიც არის უმაღლესი ხარისხის“, – განაცხადა სარჯველაძემ.
0
0