
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ სამიტში „არაგადამდები დაავადებების პრევენცია, მართვა და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებმა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის, ასევე მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ახალი ხედვა განსაზღვრეს, მიღებულია ამბიციური და რეალისტური პოლიტიკური დეკლარაცია.
მიხეილ სარჯველაძე სამიტზე მოხსენებით წარსდგა.
ჯანდაცვის სამიონისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და მიმდინარე რეფორმებზე.
„ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგინო საქართველო გენერალური ასამბლეის ამ მაღალი დონის შეხვედრაზე და საკუთარი წვლილი შევიტანო განახლებული ხედვის ჩამოყალიბებაში, რომელიც მიზნად ისახავს არაგადამდები დაავადებების პრევენციასა და მართვას, ასევე მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოსახლეობის 95%-ზე მეტს ფარავს. განვახორციელეთ რეფორმები, როგორც სამედიცინო მომსახურების მიწოდების, ისე ფარმაცევტული პროდუქციის რეგულირების მიმართულებით, ავამოქმედეთ რეფერენტული ფასებისა და მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმები. ამ ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ფინანსური წნეხი, ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიური პრეპარატების ხელმისაწვდომობისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველომ გაზარდა დაფინანსება კიბოსა და სხვა ქრონიკული დაავადებების ინოვაციურ მკურნალობაზე, ასევე გააფართოვა იშვიათი დაავადებების პროგრამა, რათა ბენეფიციარებს სიცოცხლის გადამრჩენ სერვისებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა. მიმდინარე წელს, დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომლის მიზანია, პირველადი რგოლის დონეზე, ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი იყოს პრევენციული, სკრინინგის, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, მთავარია პრინციპია თანასწორობა.
„თანასწორობა ჩვენი მთავარი პრინციპია, ვმუშაობთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს, თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე. დასასრულს, მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს ამ მაღალი დონის შეხვედრის პოლიტიკურ დეკლარაციას. არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტია, ეს არის მორალური ვალდებულება. მომავლისკენ მიმავალ გზაზე, მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საერთო მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძეც, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მაღალი დონის შეხვედრებსა და თემატურ დისკუსიებში.
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებში. შეხვედრები გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან.
0
0