
მთელი გულით ვუსამძიმრებ მთელ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსი მე არც მახსენდება ჩემს სიცოცხლეში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე დაიწყო ილია მეორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა გაუარესება.
„ეს ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჰემორაგიული არასტაბილურობა, რაზედაც ვსაუბრობდით დასაწყისიდანვე. ნამდვილად დიდი სურვილისა და დიდი იმედის გათვალისწინებით, მოხდა ის, რაც არავის არ გვინდოდა, ყველაზე ნაკლებად გვინდოდა. სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც გამოიწვია საბოლოო ჯამში ეს დიდი ტრაგედია. მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად ყველაფერი დაიწყო კუჭის წყლულით, რომელიც სისხლდენასთან იყო დაკავშირებული. იცით თქვენ, რომ ამის შემდეგ, როდესაც ჩატარდა შესაბამისი მანიპულაციები, ამას მოჰყვა პოლიორგანული უკმარისობა. ეს გამოიხატება ფილტვების, თირკმელების, გულის უკმარისობაში. ეს არის მდგომარეობა, რის გამოც, მაგალითად, წნევის შენარჩუნება უჭირდა ორგანიზმს. უცბად, მოულოდნელად, თუმცა მოსალოდნელად იმავდროულად, რადგან ასეთი არასტაბილურობის პირობებში, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, განვითარებულიყო. სხვათა შორის, ეს არ მითქვამს იმწუთას საჯაროდ, მაგრამ კონსილიუმის თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს მოსალოდნელი იყო. ნამდვილად არ მინდოდა, იმედი წამერთმია. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ მთელ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსი მე არც მახსენდება ჩემს სიცოცხლეში. ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია, უმძიმესი დანაკარგია. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო, მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
0
0