
საკითხი არის სერიოზული, ეს უნდა განიხილებოდეს, მათ შორის სპეციალისტების ჩართულობით, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. საჭიროა სიღრმისეული, მათ შორის მეცნიერული შეფასება და გამოკვლევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესთან დაკავშირებით დასულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი იმ შემთხვევაში, თუ ეჭვქვეშ არ დგას სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არაფრის დიდებით არ შეიძლება არასწორი ინტერპრეტაციების დაშვება – ვინმესთვის იმედის გადაწურვის ან პირიქით, არასწორი მოლოდინების შექმნის. ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომელიც განსაკუთრებულ სენსიტიურობასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად სჭირდება ყოველმხრივი შესწავლა, გაანალიზება. ეს ნიშნავს სერიოზული სამუშაოს ჩატარებას. არასდროს დაგვიხურავს კარი რომელიმე მშობლისთვის, რომელიმე დაინტერესებული პირისთვის, რათა სრულფასოვანი ინფორმაცია მიეღო, რა გაგვიკეთებია ამ დრომდე ამ მიმართულებით და რის გაკეთებას ვაპირებთ. ამიტომ, ბუნებრივია, ძალაში რჩება ეს წინადადება და ვაპირებთ, მომავალშიც გავაგრძელოთ იმ საკითხის შესწავლა, გამოკვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული და მრავალმხრივია. ამავდროულად, საკითხს სჭირდება სწორად შეფასება. შესწავლა გულისხმობს საკითხის ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული ევროპის არაერთი სახელმწიფო, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო, რომლებისთვისაც საკითხი თანაბრად აქტუალურია. ყველას კარგად ესმის, ყველას კარგად მოეხსენება მდგომარეობა, რომელიც ამ კუთხით არსებობს. კიდევ გავიმეოროთ, რაც თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი და არ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარი ეხება სამკურნალო საშუალებას, რომლის უსაფრთხოებაც ეჭვქვეშ არ დგას და რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია. საკითხი არის სერიოზული, ეს უნდა განიხილებოდეს, მათ შორის სპეციალისტების ჩართულობით, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამგვარად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ბუნებრივია, საკითხის განხილვისთვის არ კმარა რომელიმე დეპუტატის მხრიდან მაგალითად, მაისურზე რაღაც წარწერის გაკეთება. საჭიროა სიღრმისეული, მათ შორის მეცნიერული შეფასება და გამოკვლევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მოთხოვნილი მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რისკები, რის გამოც არის საჭირო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება.
„პარლამენტშიც წარმოვადგინეთ და კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით დავასახელეთ ინფორმაცია, მაგალითად, ცალკეული ფატალური შემთხვევების, ფატალური რისკების შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელებისას ვეყრდნობით, მათ შორის მეცნიერულად შესწავლილ, დამუშავებულ წყაროებს. ეს არ არის პრიმიტიული, მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. აუცილებლად სჭირდება სიღრმისეული გაანალიზება. ჩემთვის გასაგებია ის ემოციაც, ტკივილიც, მძიმე ვითარებაც, რომელიც არსებობს, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილება. მათ შორის, როდესაც ძალიან მაღალია საკითხის არაგონივრულად გადაწყვეტის რისკები. ამიტომ, კარგად არის შესაფასებელი მდგომარეობა და შეჯერებული პოზიციების საფუძველზე მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები. ისეთი, რაც რეალურად დაეხმარება იმ ბავშვებს, რომლებსაც წამალი სჭირდებათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
0
0