
დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან მომზადდა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტი, დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა, ახლა ველოდებით კომპანიას და უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 7 სექტემბერს დიუშენის სინდრომის ცნობიერების ამაღლების დღეს საქართველო შეხვდება წარმატებითა და სასიხარულო ამბებით.
„მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით გაგაცნობთ ინფორმაციას. პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დიუშენის სინდრომის მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მინდა, საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო. დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოცემული იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტი და დადასტურდა ხელშეკრულების დადებისთვის სრული მზადყოფნა. ახლა ველოდებით კომპანიას და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ.
შეამჩნევდით, რომ ამ შემთხვევაში გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც ძირითადად უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას, მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები. მთელ ამ პროცესს თვალს ადევნებდნენ მშობლები. მინდა, მადლობა გადავუხადო მშობლებს ამ ჩართულობისთვის. მათმა ჩართულობამ ძალიან დადებითად იმოქმედა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროცესის წარმატებით წარმართვაში. ამრიგად, 7 სექტემბერს, დიუშენის თაობაზე ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო შეხვდება ასეთი წარმატებით და სასიხარულო ამბებით.
ერთ-ერთი მშობელი იხსენებდა ერთ-ერთ მწარმოებელთან გამართულ შეხვედრას, სადაც კომპანიის წარმომადგენელმა გამოხატა სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოს მიერ მედიკამენტის შეძენის შესაძლებლობის შესახებ. მიხარია, რომ საქართველომ ესეც შეძლო. საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა იმ რამდენიმე სახელმწიფოს შორის, ვინც მოახერხა და ასეთი პროგრესი აჩვენა დიუშენის სინდრომის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ მედიკამენტზეა საუბარი.
0
0