
მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმათავისუფლებელი პლატფორმა ყველა ძალის გაერთიანებით მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება, წინსვლა და პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, თავი დაანებონ ინტრიგებს და მასთან ქიშპობას.
„ყველას უხარია, ნახეთ უკრაინამ კიდევ დაბომბა, უკრაინამ წინ წაიწია, უკრაინა გაიმარჯვებს – ჩვენ რა გვიხარია, ჩვენ? თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ, ჩვენი პატრონი მაინც არავინ და ვერავინ აღმოჩნდება. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმათავისუფლებელი პლატფორმა ყველა ძალის გაერთიანებით მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება, წინსვლა და ნამდვილი პროგრესი. ისევ გრძელდება იაფფასიანი ინტრიგები – არჩევნებზე მივდივართ თუ არ მივდივართ. კი მაგრამ, არჩევნებზე როგორ მივდივართ. გუშინ რომ ამბობდნენ, არ მიდიოდნენ, ახლა მიდიან და გუშინ რომ მიდიოდნენ, დღეს აღარ მიდიან. რა მარაზმია საერთოდ? რა არჩევნებზე ლაპარაკობთ? საქართველოში არჩევნები არ ტარდება. ვინაიდან საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ამას უნდა მოპოვება, ქვეყანას უნდა დაბრუნება. ქვეყანა არის კოლაბორაციულ, ოკუპაციურ მიძინებულ რეჟიმში. რა პოლიტიკურ პროცესებზე ვლაპარაკობთ? ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ პროცესებზე, წინააღმდეგობის მოძრაობაზე და, რა თქმა უნდა, ამის შედეგი იქნება არჩევნები. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას ოპოზიციური კოლეგებიდან, დავანებოთ თავი კბენებს, ინტრიგებს, სხვადასხვა რაღაცებს, მით უმეტეს, ჩემთან ქიშპობას. მე კონკრეტულ ისტორიულ მომენტში შევძელი ის, რაც შევძელი და ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს ისტორიაში. კიდევ შევძლებ ამაზე ბერად მეტს. რაც შეეხება დანარჩენებს, მხოლოდ მივესალმები, რომ შემოგვიერთდნენ ამ დიდ ბრძოლაში და მაქსიმალურად ფართო ფრონტი გავშალოთ. თუ ისინი არ არიან წინააღმდეგობის, გათავისუფლების მოძრაობის ნაწილი დღეს, ხვალ ვერანაირად ვერ იქნებიან პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ეს არის რეალობა.
ძალიან მიხარია ახალგაზრდების გააქტიურება. „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ მოძრაობად უნდა გადაიქცეს, ხალხის წიაღიდან გამოვიდეს. ჩვენ ან მილევად რეჟიმში უნდა ვყოფილიყავით ტელესტუდიებში, რომლებიც ისედაც მილევად რეჟიმში არიან თვითონაც საცოდავები, ან ისევ ხალხის წიაღს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0