
სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, „ყველა, ვისაც ივანიშვილი იჭერს, არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს“.
„ახლა ვიღაცები მახსენებენ, მამუკა ხაზარაძეს არ მოსწონდაო, რომ მე, როგორც პატიმარს ვიდეოჩართვების საშუალებას მაძლევდნენ. ჩემი პასუხი ამაზე მარტივია – ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მამუკამ და ბადრიმ გამოიჩინეს პრინციპულობა, როცა უარი თქვეს არალეგიტიმურ ორგანოსთან თანამშრომლობაზე და ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩემი „განაჩენები“ ეფუძნება ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენებებს. ის ციხეში ამის გამო კი არ ზის, არამედ სწორი საქციელისთვის და მის მიმართ სოლიდარობა აუცილებელია. ბ.-ნი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას, ვინაიდან „ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას“. არ მგონია, თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს, მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. მისგან განსხვავებით, მივიჩნევ, რომ ყველა, ვისაც ივანიშვილი იჭერს, არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს! საერთოდ, სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება. ისიც ფაქტია, რომ, თავის დროზე ივანიშვილს ჩემი დაჭერა რომ გაუვიდა, ამან ხელი გაუხსნა დღევანდელი მასობრივი რეპრესიებისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0