
არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი პრეზიდენტობის დროს. რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა გამოსვლაში ამაზე უნდა იყოს საუბარი.
„რატომ არ ვსაუბრობთ ამაზე? არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი პრეზიდენტობის დროს. 300-მდე ტაძარი აღვადგინეთ. ეს არ იყო ივანიშვილის ფულით, როგორც გაავრცელეს ხმა, საქართველოს ბიუჯეტის ფული იყო. წმინდა გიორგის ძეგლი დავდგით მთავარ მოედანზე. რატომ აძლევთ მათ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები? სუპზე ხომ საუბრობენ „ქოცები“. „ნაციონალების“ მმართველობის შემდეგ უხორცო სუპი ორ-ნახევარჯერ გაძვირდა, ბავშვთა კვება კი – სამჯერ. რეპრესიული რეჟიმი იყოო და არცერთი პოლიტიკური პატიმარი არ გვყავდა. ლევან ხაბეიშვილი ერთადერთი მიზეზის გამო დაამწყვდიეს, ხალხს დაუბრუნა იმედი, მისცა ორგანიზების სტიმული, ცემისა და მუქარების არ შეეშინდა, ბოლოს პოლიციის მოსყიდვის ბრალდებით დაიჭირეს. იგივე ეხება ელენე ხოშტარიას, რომელიც მხოლოდ იმიტომ დატოვეს ციხეში და ალბათ წლების დამატებას უპირებენ, რომ აჩვენა, არაფრისაც არ ეშინია. იგივე ეხება პაატა ბურჭულაძეს. თავისი უშიშარი ხასიათის გამო ამ საკანში ამოყო თავი. ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც, მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე. გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი დაუყადაღა. ირაკლი ნადირაძეს ვერ აპატიეს, რომ საკრებულოში მრავალი მილიონი გააგდებინა ხელიდან კორუმპირებულ ბანდას. პაატა მანჯგალაძეს და მურთაზ ზოდელავას ვერ აპატიეს, რომ უბრალოდ წესიერები არიან. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც საუკეთესო ამერიკული სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული, იმის ნაცვლად, რომ სამშობლოს იცავდეს, ციხეში გაამწესეს. საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა ის, რომ ამერიკის აკადემიაში სწავლობდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ისაუბრა.
„რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ. პირველად შეფრინდნენ უკრაინის დრონები მოსკოვის ტერიტორიაზე, მათ შორის, ცენტრალურ ტერიტორიაზე. მესამე თვეა, რუსეთის არმია უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს უკრაინაში, ვიდრე იღებს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი. ეს ნიშნავს, რომ მაგათი სიმღერა დამთავრებულია. რუსეთმა ათი მილიარდი დოლარი დაკარგა დარტყმების შედეგად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტსაც გამოეხმაურა.
„კავკასიის ისტორიაში დღეს მნიშვნელოვანი დღეა. მთელი ევროპელი ლიდერები ჩამოვიდნენ კავკასიაში პირველად, ოღონდ იქ კი არა, სადაც ტრადიციული ცენტრი იყო. ყველამ იცის, რომ ეს არის თბილისი, მაგრამ ჩავიდნენ ერევანში. ივანიშვილმა 2013 წელს გამოგვიცხადა, რომ მისთვის მისაბაძი იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა. ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ. ვინმეს ეჭვი ხომ არ გეპარებათ, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი თბილისში ჩამოვიდოდა?“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ამაყობს თავისი პოლიტიკური წარსულით.
„ამას წინათ ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, სააკაშვილს წარსულის ტრავმები აწუხებსო. წარსულის ტრავმები აწუხებს იმას, ვისაც წარსულზე ლაპარაკი არ შეუძლია და ამას თავს არიდებს. მე კი ვამაყობ ჩვენი წარსულით. სულ ამას ტირაჟირებენ, 2008 წელს საქართველომ წააგო ომი, საქართველომ დათმო ტერიტორიები, სააკაშვილმა გაუფორმა ტერიტორიების 20 პროცენტიო. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით იყო. „მაწვებოდნენ“, ხელი მომეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე და ჩვენი ტერიტორიების სტატუსი ღიად დამეტოვებინა. პუტინი და სარკოზი ერთად მაწვებოდნენ და მეუბნებოდნენ, მომკლავდნენ, თუ ამას ხელს არ მოვაწერდი. სარკოზი მეუბნებოდა პუტინის გადმოცემულს. ჩვენ ამას ხელი არ მოვაწერეთ. ხელი მოვაწერეთ ძალიან კარგ შეთანხმებას, რომლითაც რუსეთს ჯარი უნდა გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ ეს არ შეასრულეს იმის გამო, რომ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. ივანიშვილის რეჟიმს მიეცა საშუალება, საერთოდ აღარ ილაპარაკოს იმ ხელშეკრულების შესრულებაზე. პირიქით, აქეთ დაგვადანაშაულოს რაღაც მითიურ ტერიტორიების დათმობაზე. სინამდვილეში, 2008 წელს რუსეთმა კატასტროფული მარცხი განიცადა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა.
0
0