
არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ ფორმატი დისკუსიისთვის. ეს სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის კომუნიკაციის აღდგენამ შეიძლება შექმნას საფუძველი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განხილვისთვის.
„მხოლოდ დიალოგს შეუძლია გვაპოვნინოს გამოსავალი ნებისმიერი პრობლემიდან. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი უნგრეთში, სადაც ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდეთ კარგ დიალოგზე უნგრეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ გვესმის რა რეალობაა საქართველოში. არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ ფორმატი დისკუსიისთვის. ეს სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენა ეს არის შესაძლებლობა, განხილული იყოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ასევე ჰუმანიტარული საკითხები.
„არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მე ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე. ყველა თემა უნდა განვიხილოთ ფრთხილად. არსებობდა საინფორმაციო დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან. მე მესმის ამის მიზეზი. მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ პატივისცემით. ჩვენ გვაქვს ინტერესი ჩვენ პარტნიორებთან გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოჯისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია.
ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში ან შესაძლოა, მოძებნილი იყო შუალედური გამოსავალი, გაიგზავნოს ის, რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, სადაც გაივლის ხანგრძლივ მკურნალობას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. მისი პატიმრობა არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის რუსეთის ფედერაციის პრობლემა, ეს არის პუტინის პირადი პრობლემა, რომელიც დიდი აგრესიით გამოირჩევა ოპონენტების წინააღმდეგ და ეძებს შესაძლებლობას შეუქმნას მას ცხოვრებისეული სირთულეები. სააკაშვილი სწორედ ამ საკითხს შეეჯახა. საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, რეპუტაციულად მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება ან დაბრუნდეს უკრაინაში, ან გაგზავნონ მესამე ქვეყანაში და საქართველომ ამ პრობლემის გარეშე გააგრძელოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მშენებლობა.
აქვე მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრაინასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინული მხარე დაინტერესებულია, რომ საქართველოს კონტაქტები ევროკავშირთან აღდგეს და თუ აქ საჭირო იქნება უკრაინა დაეხმარება.
„მე მესმის ის გავლენა, რომლის მოხდენასაც რუსეთი ცდილობს საქართველოზე, მე მესმის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ჩვენ ვხედავთ შემცირებულ კონტაქტებს ევროკავშირთან, სასურველია, რომ ეს იყოს აღდგენილი. თუ აქ საჭირო იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით დაინტერესებულები. რუსული გავლენების შემცირება ნებისმიერ რეგიონში, ეს მოგებიანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავად ამ რეგიონისთვის. რუსეთი არ არის დაინტერესებული სხვა ქვეყნების განვითარებით, მისი ინტერესია ქაოსის შექმნა, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა.
რა თქმა უნდა, ბატონი ზელენსკი დაინტერესებული იქნება, თუ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განვითარდება და ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება სანდოობაზე და ჩვენ ერთად შევძლებთ ინტერესების ლობირებას ევროპაში. ჩვენ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები მოლდოვასთან, ჩვენ მივდივართ ევროინტეგრაციის პარალელური გზებით, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, პირველ რიგში დაძაბულობის მოხსნა“, - განაცხადა პოდოლიაკმა, რომლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026