
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტის განხორციელებით პრეზიდენტმა კონსტიტუცია განზრახ და არსებითად დაარღვია. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, მე მგონია, რომ ნაკლები ემოციით, საღად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. პირველი - არავინ უარყოფს, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება იყო კონსტიტუციის დარღვევა. მეორე - ეს იყო კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა მიიღო უარი და მიუხედავად ამ უარისა, მაინც გაემგზავრა ამ ვიზიტში, რაც არის განზრახ დარღვევა. მესამე - ეს არის კონსტიტუციის არსებითი დარღვევა, ვინაიდან საქმე გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციებში შეჭრასთან. კონსტიტუცია ცალსახად განსაზღვრავს, რომ საჭიროა მთავრობის თანხმობა. ამიტომ ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის სერიოზული დარღვევა და მივიღეთ გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის ინიცირების შესახებ. მომზადდება წარდგინება, 50 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება ერთი თვე იმისთვის, რომ საკუთარი სამართლებრივი დასკვნა შეადგინოს და მოაწოდოს პარლამენტს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სამართლებრივად საქმე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან, იქნება პარლამენტში კენჭისყრა. მესმის ოპოზიციის კომენტარები, რომ არ აპირებენ იმპიჩმენტის მხარდაჭერას, მაგრამ იქნება კენჭისყრა და მაშინ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - აცხადებს პაპუაშვილი.
მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შეაგროვებს. პროცედურების დასაწყებად საჭიროა 50 ხელმოწერა. შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
0
0