09/12/2023
13:24
მსოფლიო
აშშ-ში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 17 წლის ეთან კრამბლის, რომელმაც 2021 წელს მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორდის საშუალო სკოლაში მოკლა ოთხი ადამიანი, ხოლო დამატებით შვიდი, მათ შორის მასწავლებელი, მამამისის ნაჩუქარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
კრამბლი პირველი არასრულწლოვანია, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 2012 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დაადგინა, რომ არასრულწლოვანისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება ვადაზე ადრე გათავისუფლების გარეშე არაპროპორციული ზომაა ყველასთვის, გარდა იშვიათი შემთხვევებისა.
გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილებით ბრალი კრამბლის მშობლებსაც წარედგინათ განზრახვის გარეშე მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.
როგორც ოკლენდის ოლქის სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნა: "ბრალდებულმა თავისივე სიტყვებით უთხრა სასამართლოს, რომ მის გარდა, ეს არავის ბრალი არ ყოფილა".
განაჩენის გამოტანამდე კრამბლიმ მოსამართლეს უთხრა: "მე ნამდვილად ცუდი ადამიანი ვარ. მე ჩავიდინე საშინელი რამ, რაც არავინ არ უნდა გააკეთოს. როგორიც არ უნდა იყოს სასჯელი, ვგეგმავ უკეთესი გავხდე".
2021 წლის ნოემბერში 15 წლის კრამბლიმ ჩაწერა ვიდეო, სადაც საუბრობდა სკოლის მოსწავლეების მკვლელობაზე, რის შემდეგაც, მეორე დღეს მან სკოლაში იარაღი მიიტანა. იმავე დღეს კრამბლის მშობლები სკოლაში დაიბარეს და აჩვენეს კრამბლის მიერ დახატული იარაღები წარწერით: "ფიქრები არ ჩერდება, დამეხმარეთ".
სასამართლო პროცესზე კრამბლის ადვოკატმა თქვა, რომ ამ დროის მანძილზე მედიკამენტური საშუალებებით მკურნალობდა და ისწავლა "ბნელი ხმებისა და აზრების დათრგუნვა".
0
0