
პოლიციის ცნობით, მიჩიგანის შტატში შეიარაღებული პირი მანქანით ეკლესიაში შევარდა, ცეცხლი გახსნა და შენობას ცეცხლი წაუკიდა. ოფიციალური უწყებების ცნობით, დეტროიტიდან ჩრდილო-დასავლეთით 100 კილომეტრში მდებარე ქალაქში, გრანდ ბლანკში, თავდამსხმელი მორმონთა ეკლესიაში წირვის დროს შევარდა, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა.
ეჭვმიტანილი, მიჩიგანის შტატის ქალაქ ბარტონში მცხოვრები, 40 წლის თომას ჯეიკობ სანფორდია. ის მოგვიანებით ეკლესიის ავტოსადგომზე პოლიციის მხრიდან გასროლილ საპასუხო ტყვიას ემსხვერპლა. ხელისუფლება ინციდენტს „მიზანმიმართული ძალადობის აქტად“ აფასებს, თუმცა თავდასხმის მოტივი გაურკვეველი რჩება. თავდამსხმელმა ხანძრის გასაჩენად, სავარაუდოდ, ბენზინი გამოიყენა. გამომძიებლები სანფორდის საკუთრებაში არსებულ ქონებას ჩხრეკენ და მისი მობილური ტელეფონის ჩანაწერებს იკვლევენ, რათა თავდასხმის მოტივი დაადგინონ.
CBS-ის ინფორმაციით, ჩანაწერები აჩვენებს, რომ სანფორდი საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვეტერანი იყო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სროლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და დაადასტურა, რომ FBI ფედერალურ გამოძიებას უხელმძღვანელებს.
0
0