
მიანმარში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან ქალი გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 91 საათი იმყოფებოდა.
დედაქალაქ ნაიფიიდოს სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, 63 წლის ქალი ნანგრევებიდან 1-ელ აპრილს, დილით ამოიყვანეს.
როგორც ცნობილია, მიანმარში მომხდარ 7,7-იან მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 2700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიანმარის სამხედრო ლიდერმა მინ აუნგ ჰლაინგმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 2719-მდე გაიზარდა და, სავარაუდოდ, 3000-ს გადააჭარბებს. დაშავებულია 4521 ადამიანი, ხოლო 441 - დაკარგულად ითვლება.
ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ მიანმარში 10 000-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა. გაეროს ინფორმაციით, მანდალაიში, მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს იყო, 50 ბავშვი და ორი მასწავლებელი დაიღუპა, როდესაც მათი სკოლამდელი დაწესებულება ჩამოინგრა.
"ადამიანებს ეშინიათ შემდგომი ბიძგების და მათ ღია ცის ქვეშ, გზებზე ან მინდვრებში სძინავთ. მათ სჭირდებათ სუფთა წყალი და სანიტარული უზრუნველყოფა. სასწრაფო დახმარების ჯგუფები "დაუღალავად" მუშაობენ გადარჩენილების მოსაძებნად და დახმარების გაწევისთვის, ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
0
0