
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიანმარში, პირველი მიწისძვრის შემდეგ, 12 წუთში განმეორებითი 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი საგაინგიდან სამხრეთით, 18 კილომეტრში იყო.
როგორც ცნობილია, 28 მარტს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რის შედეგადაც, ბანგკოკში მშენებარე ცათამბჯენი ჩამოინგრა, ხოლო მეზობელ მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქში - შენობები განადგურდა. მიანმარის მეჩეთის ნაწილობრივი ჩამონგრევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
Reuters-ის ინფორმაციით, მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ცენტრში, მათ შორის, სიდიდთ მეორე ქალაქ მანდალაისა და ხუნტას ხელმძღვანელობის მიერ აშენებულ იზოლირებულ დედაქალაქ ნაიპიდაუში, ასევე საგაინგის, ბაგოს და მაგვეის რეგიონებში, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სეისმური ბიძგები სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთსა და ტაილანდშიც იგრძნობოდა. ტაილანდის გადაუდებელი მედიცინის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ცათამბჯენის ნანგრევებიდან ათობით მუშა გადაარჩინეს.
0
0