
“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობბის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ “მგონია ხალხი მზადაა სიახლისთვის და სასხლეტს უნდა დავაჭიროთ”:
“წლებია, მთელ დროს სოფელში ვატარებ. სულ ვამბობ, იმ დროს ვკლავ, რომელიც არ ვიცი, რაში გამოვიყენო-მეთქი. წასვლაზე ვერ ვფიქრობ, არ შემიძლია. საერთო საქმეში ამით მაინც ვარ, რომ საერთო ბედს ვიზიარებ და ეს ცოტათი მამშვიდებს. მაქვს საყვარელი საქმე, ჩემს ქვეყანაში ვარ, მაგრამ ემიგრაციაში ვარ რეალურად.
უსაქმოდ რა გამაჩერებს, ბევრ რამეს ვაკეთებ, მიყვარს, რასაც ვაკეთებ და არ ვაკეთებ ცუდად. ჩემი საქმიანობით ადამიანებიც ხეირობენ, სხვადასხვანაირად. არ მექნებოდა ეს დისკომფორტი, რომ ვხედავდე, წინ მიდის საქმე, მაგრამ უბედურებაც ხომ ეგ არის, რომ არ მიდის წინ და მხოლოდ უკან მიდის!
გამოსავალი არსებობს.
ეს გამოსავალი კლანების ეროზიაა. იმ ტყუილების და ფუჭი იმედების ეროზია, რომელსაც კლანები ყველა მიმართულებით არიგებენ წლების განმავლობაში. მაგრამ თუ ამ დროს არ არსებობს ვინმე, ერთი ადამიანი მაინც, ან – რაც უკეთესია – მთელი გუნდი, ვისგანაც ადამიანებს განსხვავებული მოლოდინი ექნებათ, თუ ამ დროს არავის აქვს პროგრესული, დემოკრატი, საღად მოაზროვნე და გამოცდილი ადამიანის სახელი, თუ არავის შეუძლია ორიენტირისა და ლიდერობის როლი აიღოს ამ სიტუაციაში, მაშინ ჭაობი ქაოსში გადაიზრდება და, გახსენებაც რომ არ გვინდა, ისეთ დროში დავბრუნდებით უსწრაფესად.
ფაქტია, უფსკრულის პირას მიგვაყენა ხელისუფლებამ. ფაქტია, არსებული ოპოზიცია ბოლომდე დეგრადირდა და ალტერნატივის განცდას ვეღარ აჩენენ. ამიტომ, მგონი დროა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის მოძიება დავიწყოთ.
მოკლედ, მგონია, ხალხი მზადაა სიახლისთვის და სასხლეტს უნდა დავაჭიროთ. გამოცდილი, გონიერი და ქვეყნის მომავალზე გულწრფელად ორიენტირებული ადამიანების ერთობა უნდა დავაფიქსიროთ. ეს საკმარისი სასხლეტი იქნება, რომ ამ ჩამყაყებულ ყოფაში დინამიკა შემოვიტანოთ. ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებაც კი საკმარისი იქნება! სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.” - დაწერა ბარნოვმა.
0
0