17/02/2023
13:25
მსოფლიო
მოზამბიკში, 39 წლის პასტორი 40-დღიანი მარხვის განმავლობაში გარდაიცვალა - ის ცდილობდა, რომ, მათეს სახარების მიხედვით, ქრისტეს საქმეებისთვის მიებაძა.
სანტა-ტრინდადის ევანგელისტური ეკლესიის დამფუძნებელი ფრანცისკო ბარაჯა ქალაქ ბეირას საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გარდაიცვალა. მარხვის დაწყებიდან 25 დღის შემდეგ, უსმელ-უჭმელმა პასტორმა წონაში იმდენად დაიკლო, რომ ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. ფრანცისკო ბარაჯა საავადმყოფოში ახლობლებისა და მიმდევრების დაჟინებული თხოვნით გადაიყვანეს. ბარაჯას მწვავე ანემია და საჭმლის მომნელებელი სისტემის რღვევის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა მას შრატებით რეჰიდრატაცია ჩაუტარეს და სცადეს თხევადი საკვების მიღებაში დახმარებოდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო - პასტორი გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ძმამ მარკეს მანუელ ბარაჯამ თქვა, რომ მოძღვარი მარხულობდა, თუმცა იგი ეჭვქვეშ აყენებს სამედიცინო დიაგნოზს მისი გარდაცვალების შესახებ. „ჩემს ძმას სინამდვილეში დაბალი წნევა აწუხებდა“, - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ პასტორი ფრანცისკო ბარაჯაჰი მოზამბიკის მოსაზღვრე ზიმბაბვეს მანიკას პროვინციის ქალაქ მესიკაში ფრანგული ენის მასწავლებელიც იყო.
უდაბნოში ქრისტეს 40-დღიანი მარხვის მიბაძვის ასეთი სასიკვდილო მცდელობის შესახებ ეს პირველი ინფორმაცია არ არის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2015 წელს, მარხვაზე მყოფი ზიმბაბველი მამაკაცი 30 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ასევე 2006 წელს, დიდი ბრიტანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ, ლონდონში ანალოგიურ მარხვაზე მყოფი ქალი გარდაიცვალა.
0
0