01/08/2023
15:25
საზოგადოება
ქრისტეს ენაზე ამეტყველებულმა ბერმა საკუთარი სიყვარულის და მეუღლესთან განშორების ემოციური ისტორია, რამდენიმე ხნის წინ, „ნანუკას შოუს” მაყურებელს უამბო. როდის აღიკვეცა მამა სერაფიმე ბერად და რას უკავშირდება მისი რწმენაში შესვლა? გთავაზობთ ამონარიდს მამა სერაფიმეს ინტერვიუდან:
„მახსოვს, ძალიან ცუდად ვიყავი, იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე, პრაქტიკულად, კვდებოდა. ფეხმძიმედ იყო და დილით რომ გავიღვიძე, ვერ ვიცანი, ისეთი შეშუპებული იყო. ამ თემაზე, მიჭირს საუბარი, ექიმებმა ვერაფერი გაუგეს, არანაირი ანალიზი არ იყო დამაკმაყოფილებელი.
ფეხმძიმობის მე- 8 თვეზე, ჰემოგლობინი 42-ზე დაუვარდა. დამეწყო პანიკური ისტერიები, რომ შეიძლება, მე ის დავკარგო, მე ის სიგიჟემდე მიყვარდა – დღესაც მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. მან მითხრა, მე იმის კი არ მეშინია და იმაზე კი არ განვიცდი, რომ მე მოვკვდები, იმას განვიცდი, რომ ჩემ შემდეგ, შენ სხვა ქალი გეყოლებაო.
მაშინ ვუთხარი, ჯვარი დავიწეროთ მეთქი. მივიყვანე მამა გაბრიელის საფლავზე და ვუთხარი, შენც ითხოვე, მარტო ჩემი ლოცვა არ გიშველის მეთქი. დავადე ხელი მიწაზე და ვეუბნები – მამა გაბრიელ, თუ შენ ნამდვილად სათნო ხარ ღვთის თვალში და რასაც ხალხი შენ შესახებ იძახის, ეს მართალია, გეხვეწები, ევედრე ღმერთს, რომ მშვიდობით მოილოგინოს ჩემმა მეუღლემ-მეთქი.
იმ საღამოს, დავწექით დავიძინეთ, დილით, რომ გავიღვიძეთ, ის ქრისტინა დამიბრუნდა, რომელიც ადრე იყო. ოღონდ, მე მამა გაბრიელს ვუთხარი, თუ ჩემი სიცოცხლე, იქნება საჭირო მონაზვნობაში, თუ ქრისტინას გადამირჩენ, მე წავალ დავტოვებ, ოღონდ ეს იყოს ცოცხალი მეთქი.
როცა გადარჩა, რა თქმა უნდა მოვიტყუე, რა აზრები აღარ მომდიოდა თავში განსაცდელის პეროდში, მაგრამ მერე, ისე წავიდა ჩემი საქმე, რომ სამუშაო დავკარგე, ვერაფერს ვაკეთებდი, ყველაფერი უკან მიდიოდა. როგორც სასულიერო პირი და მართლმადიდებელი ქრისტიანი, სიზმრების არ უნდა გჯეროდეს.
ემოციური ხალხი ვართ, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, მით უმეტეს, ასურელები. სიზმარში დედაო ვნახე, რომელმაც მითხრა, არ გრცხვენია, რა შეპირდი ღმერთს და რას აკეთებ დღესო? ეს სიზმარი, რამდენჯერმე გამეორდა. ამის მერე წავედი – დილით გავიღვიძე და წავედი!
– როგორ აუხსენით ცოლს, რომელიც გადაარჩინეთ?
ცოლს ავუხსენი, რომ ღმერთს შევპირდი და ამდენი ხანია, დანაპირები, არ შევასრულე. არ არის სწორი, არც ჩვენ თვალში და არც ღვთის გულში-მეთქი. მან კი მიპასუხა – შენ ცხოვრებაში, თუ მე ვიყავი ბოლო ქალი, წადი და აღიკვეცეო.
– ურთიერთობა გაქვთ მეუღლესთან?
რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირი არა. ჩემს მშობლებთან ცხოვრობს, შვილებთან ერთად. ქრისტინასთან ორი შვილი მყავს. პირველი მეუღლისგან, რომელიც საბერძნეთში მყავდა, მისგან ერთი. 15 წლის ვიყავი, დედამ რომ დამაოჯახა, რუსეთში რომ არ წავსულიყავი. ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, დედას უნოდა და დავემორჩილე.
– რატომ უნდოდა დედას?
იმიტომ, რომ პრაქტიკულად, საქართველოში არ ვცხოვრობდი, სულ რუსეთში ვიყავი. მამაჩემმა წამიყვანა სამუშაოდ. ეს იყო 90-იანი წლებში, ურთულესი პერიდი იყო. დიღმის ტრასაზე, მავთულით მიმაგრებულ კიბეზე ჩავდიოდით, რომ შეშა დაგვეჩეხა და ამოგვეტანა. დისშვილი ახალი შეძენილი გვყავდა და რომ არ გაციებულიყო. მამაჩემმა გადაწყვიტა, რუსეთში წავეყვანე, სადაც განვაგრძე სწავლა. რომ ჩამოვედი, ეგრევე ცოლი შემრთო დედაჩემმა.
– მალე განქორწინდით?
კი, 18 წლის ასაკში.
– მეორე ქორწინება, ალბათ უფრო დიდი სიყვარული იყო?
ღმერთმა დამიფაროს რაიმე ჩრდილი მივაყენო, პირველ მუღლეს, ის ჩემი მეუღლე იყო. მიუხედავად იმისა, რომ არც ხელი მქონდა მოწერილი, არც ჯვარი დაწერილი. მეორე მეუღლესთან კი, ჯვარნაწერი ვარ.
– პირველად ტაძარში, ამის შემდეგ შეხვედით, არ შეგეშინდათ?
არა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, ცოცხალი ქმარი მყავხარ და მე ქვრივად დამტოვეო. მე ვუთხარი, ეს ნაბიჯი, შენთან ერთად გადავწვიტე, რატომ მეუბნები, როცა უკვე მონაზონი ვარ მეთქი.
– როცა ეს პირობა დადეთ, მეუღლეს არ შეუთანხმდით?
მის წინ დავდე ეს პირობა, თუ არ უნდოდა, აუცილებლად მეტყოდა, რეებს პირდები ღმერთს, თავი დაანებეო. მის წინ შევუთანხმდი.
– არასდროს უსაყვედურია ამ გადაწყვეტილების გამო?
არა, პირიქით. მახსოვს, ერთხელ, მონასტრიდან რომ ჩამოვედი, სახლში დავრჩი ორი კვირა, დილის 6 საათზე, ოთახში კაკუნია, გავაღე კარი, ჩემი ცოლი დგას და მეუბნება, ექვსს აკლია 10 წუთი, ლოცვაზე არ დგებიო?
და მაშინ მივხვდი, რომ ის აღკვეცილი არ არის, თორემ ჩემზე დიდი მონაზონია.
0
0