
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან გათავისუფლებული მეუფე ზენონის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, არ შეიძლება, რომ მღვდელმთავარი მრევლს ერთ დღეს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვდეს და მეორე დღეს ბრბოს ეძახდეს.
„ჩვენი მთავარი დანიშნულებაა ამ კონფლიქტში, მრევლის სატკივარი და საჩივარი მიგვეტანა ეკლესიამდე. არ შეიძლება მღვდელმთავარი მრევლს ერთ დღეს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვდეს და მეორე დღეს ბრბოს ეძახდე, ტაძრიდან აძევებდე, მონატრებულ სამშობლოზე აუგს ეუბნებოდე, პოლიციას აჭერინებდე.
ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეკლესიის ყურადღება მივიპყარით იქ არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. კრებაზე დამსწრე მღვდელმთავრებმა (მისმა თანამზრახველებმაც კი) ერთხმად მივიღეთ მისი სამღვდელმთავრო კათედრის დატოვების გადაწყვეტილება. გინდა შეთქმული მეძახოს მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, გინდა მოღალატე. მრევლის სიხარულის ცრემლი გაცილებით უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე ზენონის უაზრო ამბიციები“, – აღნიშნულია მეუფე დიმიტრის განცხადებაში.
მეუფე დიმიტრიმ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მეუფე ზენონმა, საპატრიარქოში, მასთან დაპირისპირებული მღვდელმთავრები დაასახელა. გარდა ამისა, მეუფე დიმიტრი მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა.
„მეუფე დიმიტრიმ მითხრა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათხოვრად იარო ლონდონის ქუჩებშიო. ერთხელ შედგა კონტაქტი, საუბრის საშუალება არ მომცა, ძალიან აფექტური იყო. ასევე გამომიგზავნა შეტყობინებები, რომ თუ არ დატოვებ [ეპარქიის მმართველობას], უნდა ჩამოხვიდე, შე ასეთო, შე ისეთო, ამას გიზამ, იმას გიზამო,“ განაცხადა მეუფე ზენონმა.
მეუფეების განცხადებები დღეს ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა.
0
0